Tati – ინოვაციური სუპერ აპი შინაურ ცხოველებზე ზრუნვისთვის
ადამიანებისთვის შინაური ცხოველები, დროის სვლასთან ერთად, უფრო და უფრო განუყრელები ხდებიან. მათი პატრონები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ იზრუნონ საკუთარ მეგობრებზე, უზრუნველყონ შესაბამისი საჭიროებები. ცხადია, ეს ყველაფერი გაცილებით მარტივი და სასიამოვნოა, როდესაც შესაძლებელია, ყველა შეთავაზება ერთ სივრცეში იყოს თავმოყრილი.
Tati შინაურ ცხოველებზე მორგებული, სრულყოფილი აპია, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე იხვეწებოდა, ვითარდებოდა. იდეის ავტორებს მის განსახორციელებლად და აპლიკაციის პირველი ვერსიის სრულყოფისთვის, თითქმის 1 წელი დასჭირდათ. ამ ეტაპზე, გუნდი უკვე გრუმინგ სალონებსა და ვეტერინარულ კლინიკებთან თანამშრომლობს, ასევე, იგეგმება პარტნიორობის გაფართოება სასტუმროებთან, გამსეირნებლებსა და ზოომაღაზიებთან.
Tati-ს შექმნის მიზანზე, მისი დამფუძნებლები ბესიკ ექსეულიძე და სერგი აბაშიძე საუბრობენ.
Tati-ს შექმნის იდეა ჩვენი პირადი გამოცდილებიდან დაიბადა. ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული შინაური ცხოველების მოვლა – სერვისებზე წვდომა, დროული ჯავშნები და საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ გამოცდილებამ გაგვაერთიანა საერთო იდეის გარშემო – შეგვექმნა ციფრული პლატფორმა, რომელიც გაამარტივებდა ამ პროცესს როგორც მფლობელებისთვის, ასევე – სერვისპროვაიდერებისთვის.
თავიდან იდეის განხორციელება მე და სერგი აბაშიძემ დავიწყეთ, ახლა კი Tati-ს გუნდი უკვე 10-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. ჩვენი გუნდი შედგება სხვადასხვა სფეროში გამოცდილი ადამიანებისგან, რომლებიც სრულად იზიარებენ ცხოველებზე ზრუნვის მნიშვნელობას. დღეს ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ციფრული გადაწყვეტის მიწოდება, არამედ ეკოსისტემის შექმნაა, რომელიც მომხმარებლებს და სერვისპროვაიდერებს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.
რამ განაპირობა ამ აპლიკაციის შექმნის საჭიროება?
ჩვენ მივხვდით, რომ სერვისების გაფანტულობა და ინფორმაციის ნაკლებობა ცხოველების მფლობელებს ბევრ პრობლემას უქმნიდა. ხშირად მფლობელები ვერ ახერხებენ სასურველი სერვისების დროულად დაჯავშნას, რადგან არ აქვთ ინფორმაცია მათი ხელმისაწვდომობის შესახებ. ამიტომ შევქმენით Tati – აპლიკაცია, რომელიც ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მარტივ და სწრაფ წვდომას.
როგორც ბესიკი აღნიშნავს, ციფრული პლატფორმა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ცხოველებზე ზრუნვას. გუნდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს ყველა საჭირო სერვისი მარტივად და კომფორტულად, რაც დაეხმარება მათ – უკეთესად მართონ თავიანთი ცხოველების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
თქვენი შეფასებით, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ამ აპლიკაციის არსებობა?
მიგვაჩნია, რომ Tati აუცილებელია არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ – ბიზნესებისთვისაც. პლატფორმა სერვისპროვაიდერებს აძლევს ეფექტური მართვის შესაძლებლობას, ხოლო მომხმარებლებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას საჭირო სერვისებზე. ეს ხელს შეუწყობს ცხოველებზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას.
რა ეტაპზეა დღეს Tati-ს პოპულარიზაცია და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გავრცელება საზოგადოებაში?
Tati უკვე ხელმისაწვდომია Google Play-სა და App Store-ზე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მისი პოპულარიზაციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რათა მათ გაამარტივონ თავიანთი ცხოველების მოვლა ჩვენი პლატფორმის მეშვეობით. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამაში, რაც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ პლატფორმა.
ბესიკ ექსეულიძე აპლიკაციის სამიზნე აუდიტორიაზე ხაზგასმით საუბრობს. ის განმარტავს, რომ Tati-ს მომხმარებლები არიან შინაური ცხოველების მფლობელები, რომლებსაც სურთ, ციფრული საშუალებების გამოყენებით გაამარტივონ მათი ოთხფეხა მეგობრების მოვლა – „ასევე, ჩვენი პლატფორმა საინტერესოა გრუმინგ სალონებისა და ვეტერინარული კლინიკებისთვის, რომლებსაც სურთ, ეფექტურად მართონ თავიანთი საქმიანობა და მოიზიდონ ახალი კლიენტები“.
Tati ქმნის ახალ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს ცხოველების მოვლის ყველა მნიშვნელოვან ასპექტს ერთ სივრცეში. ეს პლატფორმა, ინოვაციური მიდგომითა და სერვისის გამარტივებით, არა მხოლოდ მომხმარებლებისთვის, არამედ პარტნიორი ორგანიზაციებისთვისაც ქმნის დამატებით ღირებულებას.
აპლიკაციის ჩამოსატვირთად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://tati.app/