რატი ბრეგაძე: გაუგებარია, რატომ არ აწერს პრეზიდენტი ამნისტიის კანონს ხელს – თუ კანონს 2 ოქტომბრამდე არ მოაწერს ხელს, მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე

ჩემთვის, პირადად, სრულიად ამოუხსნელი და გაუგებარია, თუ რატომ არ აწერს ქალბატონი პრეზიდენტი ამნისტიის კანონს ხელს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი 2 ოქტომბრამდე არ მოაწერს ამნისტიის კანონს ხელს, მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს და გამოაქვეყნებს.

„მე პირადად ვხელმძღვანელობ ამ სისტემას და შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვიცნობ პატიმრების პრობლემასაც. დამერწმუნეთ, რომ როდესაც პატიმრებმა იციან, რომ მათ შეეხოთ ამნისტია და შეუძლიათ დატოვონ საპატიმრო დაწესებულება, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს და, რა თქმა უნდა, მათი ოჯახის წევრებსაც და როდესაც ადამიანი უკვე ცხრა დღის განმავლობაში უშედეგოდ ელოდება გათავისუფლებას და როდესაც ერთ ხელმოწერაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, ჩემთვის პირადად ეს არის სრულიად ამოუხსნელი და გაუგებარი, თუ რატომ არ აწერს ქალბატონი პრეზიდენტი ხელს. კიდევ ერთხელ ვამბობ – საქმე ეხება ადამიანის თავისუფლებას და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამაზე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდეს ადამიანს, ვიდრე კანონს მოაწეროს ხელი და ადამიანებს მისცეს თავისუფლება, თუმცა ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების გასაგონად აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის და თუ ქალბატონი პრეზიდენტი 2 ოქტომბრამდე არ მოაწერს ხელს ამ კანონს, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე და მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, რომ აღივსონ მოთმინებით და სულ რამდენიმე დღეში ისინი აუცილებლად იქნებიან თავისუფალი, თუმცა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომ ცხრა დღის განმავლობაში არ მოაწერა ხელი ადამიანების გათავისუფლებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ, ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები