რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, უკრაინას არ სჭირდება სხვისი ტერიტორია. უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის რეგიონში ტერიტორიის აღებით, ჩვენ გვინდა, დავიცვათ ჩვენი ხალხის სიცოცხლე,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გეორგი ტიხი აცხადებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, უკრაინა კურსკის რეგიონში შესაბამის მიზნებს აღწევს და ასე გააგრძელებს, რადგან ეს აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის.
“ZSU არის ცივილიზებული ევროპული სამხედრო ძალა, რომელიც სრულად შეესაბამება ომის კანონებსა და ჩვეულებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ოპერაციის მიზანია, ჩვენი ხალხის სიცოცხლის შენარჩუნება და უკრაინის ტერიტორიის დაცვა რუსეთის ფედერაციის თავდასხმებისგან.
რაც უფრო ადრე დათანხმდება რუსეთის ფედერაცია სამართლიანი მშვიდობის აღდგენას, მით უფრო მალე შეჩერდება უკრაინის თავდაცვის ძალების რეიდები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“,- აღნიშნა სპიკერმა.
დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რუსეთი, შესაძლოა, ხელოვნურად ქმნიდეს ინციდენტებს, (მათ შორის, რუსი სამხედროების უკრაინულ ფორმაში გამოწყობას), რათა მოიგონოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა უკრაინული ძალების მიერ.
„ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მზად იყვნენ ასეთი განვითარებისთვის და თუ იქნება რუსეთის ფედერაციის მსგავსი მცდელობები, გამოიჩინონ სიფხიზლე და არ დაემორჩილონ რუსულ პროპაგანდას“, – განაცხადა სპიკერმა.