ლაშა ტალახაძე – კარიერის შესაძლო დასრულებაზე: თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები
მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები,- ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა.
ტალახაძემ აღნიშნა, რომ მიღწეული წარმატებისთვის ბევრს შრომობდა და გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, ჩვენს ბიჭებს მინდა, მივულოცო ეს დიდი წარმატება. დამეთანხმებით, რომ ნამდვილად კარგი შედეგით დავბრუნდით საქართველოში. ჩემს გამოსვლას რაც შეეხება, მესამედ მოვიპოვე ოლიმპიური ტიტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ძალიან ბევრს ვშრომობდი ამისთვის. მადლობა ღმერთს, დამიფასდა მეც, ჩემს მწვრთნელებს, ოჯახს. გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა, რადგან ისინი არიან ის ძალა, რომელიც მაძლიერებს და არ მაძლევს საშუალებას, მოვდუნდე და დავნებდე. დავისვენებ და ამ გამარჯვებას შევირგებ. მინდა სპორტული კარიერა ისე დავამთავრო, წაგებული არ წავიდე. თუ შევხედავ, რომ შემიძლია მოვიპოვო კიდევ გამარჯვება, აუცილებლად დავრჩები“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.