საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

როგორც საელჩოში განმარტავენ, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში მიმართვა შეუძლიათ.

„ატიკის ტერიტორიაზე, კერძოდ ვარნავას, როდოპოლის, სტამატასა და ამიგდალეზაზე არსებულ ხანძართან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:

საელჩოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საბერძნეთის კლიმატური კრიზისებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების სამინისტროსთან.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, საელჩოში 24 საათის განმავლობაში ფუნქციონერებს ცხელი ხაზი ( +306952220000), რომელზეც ამ დრომდე არ შემოსულა რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან.

საელჩოს ცხელი ხაზი განთავსებულია როგორც საელჩოს, ისე საკონსულოს ვებგვერდებზე.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში ევაკუაციის მოთხოვნებს.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166.

საელჩო, თავის მხრივ საჭიროებისამებრ მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საბერძნეთში, დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლისა და ქალაქის ათასობით მცხოვრების ევაკუაციის ბრძანება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები