GCCA-მ კვებითი მომსახურების სექტორში ხუთ მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ხუთ მოვაჭრესთან –  შპს „ვარაზის ხევი 95“, შპს „მარსიანელი“, შპს „ლიმონი 2009“, შპს „ბბმ 18“ და ი/მ დავით რომანაძესთან,  „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შესაბამისად მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საცნობარო (კვების) მენიუში ცვლილება შეიტანონ და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ მიაწოდონ.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ GCCA-ის მიერ, 2024 წელს, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დადგინდა. შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია – მკაფიო და გასაგები ფორმით, საცნობარო (კვების) მენიუში  ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს  ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს, რომელშიც მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი. მათ შორის, მომსახურების საფასური.

ინფორმაციისთვის:  2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს – 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში  – 22 312 ლარი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები