“გახლდით საკურთხეველში და ვნახე, რომ არის აბსოლუტური სიმშრალე და ყველაფერი რიგზეა” – გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები გრძელდება
გელათის სამონასტრო კომპლექსში სამუშაოების ახალი ეტაპი დაიწყო – ძირითად კონსტრუქციაზე საბოლოო გადახურვა მიმდინარეობს.
სამუშაოებს გერმანული კომპანია აწარმოებს. პროცესში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჩართულნი არიან ბრიტანელი და გერმანელი ექსპერტები.
“ჩვენ რამდენიმე დღეა, აქ ვიმყოფებით და გვაქვს საშუალება, პირადად ვადევნოთ თვალი პროცესს. ვარ შთაბეჭდილებების ქვეშ, რადგან ვუყურებ, როგორ შენდება ეს მონუმენტური ხარაჩო, ასევე, როგორ მიდის სხვადასხვა სფეროში ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა. სწორედ ახლა ჩამოვედი ხარაჩოებიდან, გახლდით საკურთხეველში და ვნახე, რომ იქ არის აბსოლუტური სიმშრალე და ყველაფერი რიგზეა. მე ასევე ვნახე მოზაიკა, შევამოწმე და იქ ერთი გრამი წყალიც არ ყოფილა ჩამოსული. სიტუაცია ნამდვილად არ არის მარტივი, მოზაიკა უდავოდ საჭიროებს ჩარევას”, – ამბობს ფლორენციის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერხარდ ვოლფი.