მწერალ გურამ გეგეშიძის დაბადებიდან 90 წელი გავიდა
ცნობილი ქართველი მწერლის, გურამ გეგეშიძის, დაბადებიდან 90 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს გურამ გეგეშიძის ხსოვნას და მის მნიშვნელოვან წვლილს თანამედროვე ქართული პროზის განვითარებაში.
გურამ გეგეშიძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1962 წელს – მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები.
ქართულ მწერლობაში ის თავის თანატოლ გურამ რჩეულიშვილთან ერთად მოვიდა და პირველი მოთხრობა მანაც 1957 წელს გამოაქვეყნა განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“. ეს იყო ქართულ პროზაში ახალი თაობის მოსვლისა და მნიშვნელოვან სიახლეთა შემოტანის უტყუარი ნიშანი.
ქართველმა მკითხველმაც იმთავითვე შეიყვარა გურამ გეგეშიძის მოთხრობები. ის თანდათან გამოიკვეთა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროზაიკოსად. ამის დასტურია მოთხრობების არაერთი კრებული და რომანები: „სიშორე“, „აპრილი“, „ჟამი“, „ცოდვილი“, „სტუმარი“, „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“.
გურამ გეგეშიძე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი სცენარით გადაიღეს ფილმი „კაშხალი მთაში“. მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში „დიდი მწვანე ველი“ მწერალმა მთავარი გეოლოგის როლი შეასრულა.
გურამ გეგეშიძე აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. იყო საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.