ევროპის ჩემპიონატზე ქოჩორაშვილის მონაწილეობის გამო, „ლევანტე“ კომპენსაციას მიიღებს

ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ქოჩორაშვილის თამაშისთვის, „ლევანტე“ უეფასგან კომპენსაციას მიიღებს. ამასთან, კლუბს მისი ტრანსფერიდანაც შეუძლია სოლიდური ფინანსური სარგებლის ნახვა – ინფორმაციას Onefootball-ი ავრცელებს.

„ევროპის ჩემპიონატზე ნახევარმცველის საქართველოს ნაკრებში თამაშის გამო „ლევანტე“ ჯამში 230 000 ევროს მიიღებს. ეს არის კომპენსაცია ფეხბურთელის მიერ ეროვნულ ნაკრებში გატარებული დღეებისთვის.

უეფა კლუბებს თანხას მოთამაშის ნაკრებში გატარებული დღეების მიხედვით გადაუხდის. ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ნაკრებში გატარებული ერთი დღისთვის კლუბი 10 ათას ევროს მიიღებს. საქართველოს ნაკრებმა 1/8-ფინალში ითამაშა, ქოჩორაშვილი კი 23 დღე არ იყო „ლევანტეს“ შემადგენლობაში.

გიორგი „ლევანტეს“ უახლოეს დღეებში უნდა შეუერთდეს, თუმცა, იმედოვნებს, რომ კლუბი დასვენებისთვის მეტ დროს მისცემს.

ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრებში მაღალ დონეზე ითამაშა და, შესაბამისად, მისი სატრანსფერო ღირებულებაც გაიზარდა. ასე რომ, „ლევანტეს“ შეუძლია ფეხბურთელის ტრანსფერიდანაც სოლიდური შემოსავალი მიიღოს“, – წერს გამოცემა.

 

წყარო: 1tvsport

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები