მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს

მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე პანდუსი ეწყობა, რომლის საშუალებითაც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. ზოგადად, არსებული გზა პრობლემას წარმოადგენდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ავტობუსებთან, იქმნებოდა საცობი. ახალი პანდუსი დაარეგულირებს ამ ყველაფერს. აღნიშნული პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება საყრდენი კედლების მშენებლობა, ასევე, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირებული იქნება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის როგორც ქვეითთა, ასევე, ავტომობილების გადაადგილებას.
ადგილზე თბილისის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები