მაკა ბოჭორიშვილი: დრო და ისტორია ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩავლილ ამბავზე არც ბოდიშს მოიხდის ვინმე და არც სინანული შეაწუხებთ

რთულია, მოკლედ შეაფასო ყველაფერი, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოში და მის გარშემო ხდება. დარწმუნებული ვარ, დრო და ისტორია ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩავლილ ამბავზე, არც ბოდიშს მოიხდის ვინმე და არც სინანული შეაწუხებთ იმ ყველაფრისთვის, რასაც საქართველოსთვის იმეტებენ დღეს შიდა თუ გარე ძალები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელია.

„დღეს, დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩეული საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ყველაზე უხეში ფორმებით, ღიად გვიკრძალავენ გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მიერ უფლებამოსილ პოლიტიკურ ძალას, მიგვაჩნია აუცილებლად საქართველოს სტაბილური დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად.

მიგვაჩნია აუცილებლად არა იმიტომ, რომ რაღაც ცუდი პოლიტიკური სიზმრები დაგვჩემდა, არამედ იმიტომ, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მათი ანალიზი, ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი კავშირები საქართველოსთან, ცხადყოფს ქართული სახელმწიფოს სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დემოკრატიული განვითარების დასაცავად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გადაუდებელ საჭიროებას.

ვიცი, ეს რთული გასაგებია მათთვის, ვინც მხოლოდ სამ სიტყვაზე (არა რუსულ კანონს) აგებს მთელ პოლიტიკურ დღის წესრიგს, პროტესტს, გაბრაზებას თუ აგრესიის გამოვლენას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც ამ სამი მაგიური სიტყვით არის შეპყრობილი, ოდნავ მაინც თუ მისცემს საკუთარ თავს დაფიქრების შესაძლებლობას, მიხვდება, რომ ის რასაც ყველაფრის ფასად ვიცავთ, არის აუცილებელი წინაპირობა სწორედ საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან არც სტაბილური დემოკრატიული განვითარების და არც უსაფრთხოების გარეშე ამ ქვეყანას შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანების რთული პროცესი წარმატებით გაიაროს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა, ის რაც სხვაგან დემოკრატიის დაცვის ინსტრუმენტია, საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელია.

დღეს საქართველოს უმტკიცებენ, რომ უცხოური გავლენა საქართველოში არ შეიძლება ქმნიდეს საფრთხეს დემოკრატიისთვის, მაშინ როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგები, ბევრად უფრო ხანდაზმული დემოკრატიები, სულ უფრო მეტად საუბრობენ და მოქმედებენ იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ უცხოურ გავლენებს სწორედ დემოკრატიის დასაცავად.

ხშირად გვესმის აპელირება რუსეთზე, თითქოს ის არის ერთადერთი საფრთხე დემოკრატიისთვის და მხოლოდ მისგან დასაცავად შეიძლება ვიფიქროთ გამჭვირვალობის ინსტრუმენტის გამოყენებაზე, არადა, საქართველოში რუსეთი დემოკრატიის საფრთხე კი არა ოკუპანტია, და სულ სხვა განზომილებაში უნდა განიხილებოდეს.

დღეს სწორედ უცხოური გავლენებით მოქმედი სუბიექტები გამალებით ცდილობენ „გაარუსონ“ ყველაფერი, რაც კი ბრძოლის ფასად მოგვიპოვებია და მიაკუთვნონ რუსეთს ის, რასაც ნებისმიერი ქართველი უნდა უფრთხილდებოდეს.

ქართულის გადაკეთება რუსულად, საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო, და დღეს რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი აღტყინებით იყენებენ ახალგაზრდების ნაწილს სწორედ ამ საქმის გასაკეთებლად, რომლებიც თავის მხრივ თამამად ხმარობენ სიტყვა „რუსულს“ წერტილ მძიმის ნაცვლად.

დღეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ის ქვეყნები, რომელთაც ჩვენი მეგობრობის ამბიცია აქვთ, ჩართული არიან საქართველოს ხელისუფლების შანტაჟში და არ სურთ გააცნობიერონ, რა საფრთხეების შემცველია საქართველოსთვის მსგავს ცეცხლთან ასეთი უხეში თამაშები.

ზოგიერთ სახელმწიფოს იმდენად სწრაფად მოუწია ნატოსა და ევროკავშირის ქოლგის ქვეშ შეფარება, რომ როგორც ჩანს გამორჩათ, რა რთული გზა გავიარეთ ქართველებმა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის შემდეგ, სწორედ რუსული აგრესიის, სანქციების და ,,დემოკრატიის შუქურის გადამეტებული კაშკაშის’’ პირობებში, იმისათვის, რომ თავი გადაგვერჩინა და აქამდე მოვსულიყავით.

ზოგი დღეს აქტიურად ითხოვს ევროკავშირთან ურთიერთობაში მოპოვებული მიღწევები ევროკავშირმა საქართველოზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

ვერც ხვდებიან, რომ ამით სწორედ რუსული სტილის პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ ევროკავშირს.

დღეს გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობას ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა აბსოლუტურად სწორად აფასებს და აქედან გამომდინარე, ვერანაირი შანტაჟის თუ დაშინების მექანიზმი ვერ დაუდგება წინ საქართველოს საჭიროებებიდან გამომდინარე გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები