გიორგი ცუცქირიძე: არც ხელისუფლება ჩამოიშლება და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ეკონომიკა

„თუ ეს „მუქარა“ მაინც აღსრულდა, ისევ დასავლეთი წააგებს! ისედაც ხომ პარადოქსალურია სანქციების დაწესება „გამჭვირვალობის“ კანონზე!“, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციური ველი ცდილობს, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში სიტუაცია კატასტროფულად წარმოაჩინოს, რაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას და მმართველი გუნდის დასანქცირებას მოჰყვება.

„დისკუსია თან ცხოველი მედია პლატფორმით თუ სოციალური ქსელებით ახლა იმაზეა დაიძლევა თუ არა პრეზიდენტის ვეტო „გამჭვირვალობის კანონზე“ მოსალოდნელი სანქციების ფონზე.

ამ დისკუსიაში ოპოზიციური ველი თავისი აქტორებით თუ ექსპერტებით ცდილობს კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში სიტუაცია კატასტროფულად წარმოაჩინოს, რაც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას და მმართველი გუნდის დასანქცირებას მოჰყვება.

ბუნებრივია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ისევე როგორც შესაძლო დასანქცირება, სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება, გარკვეულ პრობლემებსაც შექმნის, თუმცა ვფიქრობ, რატომღაც ყურადღების მიღმა მთავარი საკითხი რჩება.

როდესაც კანონის ხელმეორედ ინიცირების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შეუძლებელია არ განხილულიყო ყველა შესაძლო სცენარი, მათ შორის დასანქცირების საკითხი. როდესაც კანონპროექტი სამი მოსმენით იქნა მიღებული და მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა და ამ გადაწყვეტილების კრიტიკის თუ ხელისუფლების დამუნათებისა, ხელისუფლების შიგნით არეულობა არ მოყვა, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო ყველაფერი.

როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ვერ იქცევა პოლიტიკური ვაჭრობის საკითხად, საგარეო აქტორების მხრიდან ახლა უკვე მუქარანარევი ტონი, ვეჭვობ რაიმეს მომტანი იყოს.

ნაკლები მნიშვნელობა აქვს ეს ევროკომისრისგან იქნება, სახელმწიფო დეპარტამენტისგან თუ სახელმწიფო მდივნისგან, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად დასანქცირების თუ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხების ეფექტურობა, გნებავთ პოლიტიკურ და გნებავთ ეკონომიკურ ჭრილში, რომ განვიხილოთ და განვაზოგადოთ.

უკვე ივნისში ევროკავშირში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით, არსებული პოლიტიკური არქიტექტურა შეიცვლება და არა მმართველი ლიბერალური პარტიების სასარგებლოდ. შეიცვლება ევროპარლამენტის შემადგენლობაც, სადაც გადაწყვეტილებების მიღების ვექტორი, ისევე კონსერვატორებისკენ გადაიხრება, ვინც პოლიტიკაშია მეტ-ნაკლებად ჩართული და თვალს ადევნებს ევრონიუსის გადაცემებს, ამ ახალ რეალობაზე უკვე ღიად მიანიშნებენ არა მხოლოდ შედარებით ნეიტრალური განწყობის ექსპერტები.

ანალოგიურად, ნოემბერში აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მოდის, სადაც ყველა ბოლო გამოკითხვით ტრამპი უსწრებს მოქმედ პრეზიდენტ ბაიდენს, თან რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია ყველა იმ შტატებში, რომლებიც არჩევნების შედეგებზე ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას. როგორც წამყვანი ამერიკელი ანალიტიკოსები მიუთითებენ, ასეთი დამაჯერებელი უპირატესობა ტრამპს არც წინა და რაც იმის წინა არჩევნების დროს ჰქონია, როდესაც პრეზიდენტი გახდა.

„დრონი მეფობენ და არა მეფენი“ – ტყუილად კი არ არის ისტორიული პარადიგმა, ვეჭვობ, ბლინკენის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ახალ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკაზე, ანუ პერსონალური სანქციების დაწესებით სიტუაცია აიჭრას და მმართველ გუნდში ქაოსი გამოიწვიოს, ხოლო ამით თუ ეს „მუქარა“ მაინც აღსრულდა ისევ დასავლეთი წააგებს! ისედაც ხომ პარადოქსალურია სანქციების დაწესება „გამჭვირვალობის“ კანონზე!

არც ხელისუფლება ჩამოიშლება და თქვენ წარმოიდგინეთ არც ეკონომიკა! ეკონომიკის ჩამოშლის ცოტა სხვა წინაპირობები არსებობს, ეს დროის ფაქტორსაც ეხება და ეკონომიკური პოლიტიკის ასპექტებსაც! ყველაფერი კარგად იქნება! ოქტომბერიც მალე მოვა!“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები