ტაივანის აღმოსავლეთით 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანია დაღუპული(ფოტო,ვიდეო)

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამ დროისთვის, სულ მცირე, ოთხი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი და, სულ მცირე, 50 დაშავებულია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჰუალიენიდან სამხრეთით 18 კილომეტრში დაფიქსირდა.

სეისმოლოგების თქმით, ეს არის ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების შედეგად, ჰუალიენში შენობებია დანგრეული, ადგილზე მაშველები მუშაობენ.

მონიტორინგის სერვისი Netblocks-ი იტყობინება, რომ კუნძულის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა ფიქსირდება.

ამავე დროს, იაპონიასა და ფილიპინებზე ცუნამის საფრთხე იყო გამოცხადებული, თუმცა, იაპონიაში რისკი შეამცირეს, წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელმა ცენტრმა მიწისძვრიდან ორ საათში გამოაცხადა, რომ საფრთხე აღარ არსებობს.

გარდა ამისა, მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ფუძიანის პროვინციაში იგრძნობოდა.

ტაივანში ყველაზე ძლიერი, 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა 1999 წლის სექტემბერში მოხდა, რამაც 5 ათასზე მეტი შენობის ნგრევა და 2 400 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები