საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მაღაროში სამაშველო ოპერაციების ტრენერთა ტრენინგი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მაღაროში სამაშველო ოპერაციების ტრენერთა ტრენინგი გაიარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მაღაროში სამაშველო ინსტრუქტორის როლი და პასუხისმგებლობები, რისკების შეფასება, სამაშველო ოპერაციის სცენარისა და სასწავლო სესიების მომზადება. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს.
ტრენერთა ტრენინგი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ – ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ – ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.