მარიამ ქვრივიშვილი: თელავს ექნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი მსოფლიოში
“თელავს ექნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი მსოფლიოში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თელავის აეროპორტში 200 ათას მგზავრზე მეტი გამტარუნარიანობა ექნება ტერმინალს.
„თელავის აეროპორტის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. მრავალი წელია ურთიერთობა გვაქვს ადგილობრივ მეწარმეებთან და ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი თხოვნა. პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. მისი სიგრძე გაიზრდება 1.7 კმ-ით. ავაშენებთ ახალ ტერმინალსაც. იყო საკმაოდ საინტერესო კონკურსი და ბევრმა ნამუშევარმა მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ძალიან ლამაზი პროექტი შეირჩა. თელავს ექნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აეროპორტი მსოფლიოში. საკმაოდ დიდი მოცულობის იქნება თელავის შიდა აეროპორტი. თელავის აეროპორტში 200 ათას მგზავრზე მეტი გამტარუნარიანობა ექნება ტერმინალს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავაკავშიროთ ქვეყნის ყველა შიდა, თუ საერთაშორისო აეროპორტს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმისთვის, რომ კახეთის რეგიონს მივცეთ სრული ოთხსეზონიანი დატვირთვა. მაგალითისთვის, თელავს ექნება პირდაპირი საჰაერო კავშირი ბათუმთან, მესტიასთან, ამბროლაურთან, ქუთაისთან. აჭარაში რამდენიმე დღით ჩამოსულ ტურისტს შესაძლებლობა ექნება, ერთი ღამე მაინც გაატაროს კახეთში. გარდა ამისა, ზამთრის სეზონზე კარგი ბმა ექნება კახეთს მესტიასთან. რადგან არქიტექტურული პროექტი უკვე არჩეული გვაქვს, მალე დავიწყებთ მშენებლობას“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.