ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მაშველები მეწყრის ჩამოწოლის შედეგად საკუთარი სახლის ნანგრევებში მოყოლილ, სავარაუდოდ 6 ადამიანს ეძებენ, მათ შორის 3 ბავშვია.
არსებული ინფორმაციით, ნაპოვნია სამი ცხედარი. მაშველებმა ერთი მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
“ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია ოთხი საცხოვრებელი სახლი. დასაწყისში ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, ერთი ადამიანი ცოცხალია. სამწუხაროდ, სამი ცხედარი ვიპოვეთ, დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკა, რომელსაც ამ ლოკაციაზე შეუძლია, იმუშაოს, ცოცხალი ძალაც, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მიწის მასა სოფელ ნერგეეთში ღამის ორი საათისთვის ჩამოვიდა, მაშინ, როცა ყველას ეძინა და ოთხი სახლი მოიყოლა. დაკარგულად მიიჩნევა 6 ადამიანი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ შორის არის სამი ბავშვი და ერთი – 20 წლის ახალგაზრდა.