საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები დღეიდან იწყება.
5-8 თებერვალს დაგეგმილია ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე.
სამი დღის განმავლობაში დარგობრივ კომიტეტებში თითქმის უცვლელ მინისტრთა კაბინეტს მოუსმენენ.
ოთხშაბათს პრემიერმინისტრობის კანდიდატი – ირაკლი კობახიძე და მთავრობის შემადგენლობა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისა” და დანარჩენი საპარლამენტო ჯგუფების წევრებს შეხვდება.
მომდევნო დღეს ირაკლი კობახიძე ახალი სტატუსით უკვე ფრაქცია “ქართულ ოცნების” წინაშე წარდგება; ამავე დღეს პრემიერობის კანდიდატსა და მთავრობის შემადგენლობას კენჭს უყრიან.
როგორც ცნობილია, ოპოზიცია მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს, რადგან, მათი განმარტებით, წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა მათთვის მიუღებელია. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ისინი საკომიტეტო და პლენარულ სხდომებში აქტიურ მონაწილეობას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა.
1-ელ თებერვალს “ ქართული ოცნების” მე-8 ყრილობაზე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მხარი დაუჭირეს ირაკლი კობახიძეს. პარტიის ახალ თავმჯდომარედ კი ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამ შემთხვევაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პოსტს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.