“ოპოზიციაში ისეთი ძლიერი, ქარიზმატული ფიგურები არ არიან , ვისაც ხალხი გაჰყვება, მხარს დაუჭერს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ანჯაფარიძემ 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების შანსები შეაფასა.
“ჩვენს პოლიტიკოსებს , როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან ერთი რამ შევამჩნიე: მოუკლავი დათვის ტყავის განაწილება ძალიან უყვართ. ჩვენ ჯერ არ ვიცით, არჩევნებამდე დარჩენილ დაახლოებით 10 თვეში რა მოხდება. არჩევნები 26 ოქტომბერსაა. ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს, მათ შორის კრიტიკული მოვლენა, ტრაგიკული მოვლენაც, რამაც შეიძლება, ხალხის განწყობა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ძალიან სერიოზულად შეცვალოს. ბევრი რამაა დამოკიდებული ქვეყნის გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე. მოცემული მომენტისთვის, თუ 2024 წლის საპარლამენტი არჩევნებზე შანსებს შევაფასებთ : ოპოზიციის შანსები ძალიან არასახარბიელოდ გამოიყურება, ეს ჩემი მხრიდან კიდევ რბილი შეფასებაა. ოპოზიცის მხარეს ძლიერი, ქარიზმატული ლიდერები არ ჩანან. საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ჩვენი ამომრჩევლის, საზოგადოების მენტალობის, კულტურის გათვალისწინებით გაცილებით უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ და მოთხოვნა ძლიერ ქარიზმატულ ლიდერზეა, ვიდრე პარტიის პროგრამულ მიმართულებებზე. რომ გადავხედოთ გალერეას: ოპოზიციაში ისეთი ძლიერი, ქარიზმატული ფიგურები არ არიან , ვისაც ხალხი გაჰყვება, მხარს დაუჭერს. ყველა მათგანი რაღაც დოზით კომპრომეტირებულია . განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობის” და მისი დანაყოფი პარტიების “ლიდერშიფი”. ჯერჯერობით, ოპოზიციის მხარეს რაღაც ისეთ ახალ სახეებს ვერ ვხედავთ , რომლებიც ამომრჩევლებს რაღაცნაირად მიიზიდავენ. კი გვპირდება ნიკანორ მელია, რომ ახლა პარტიას შექმნის, მაგრამ ხომ ყველამ დაახლოებით მაინც ვიცით, რომ ამ პარტიაში წარმოდგენილები იგივე სახეები იქნებიან, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდებოდნენ. იგივე შეიძლება, ნიკა გვარამაის პარტიაზე ითქვას.
ოპოზიციის მეორე სერიოზული პრობლემა ის არის, რომ მათი კონსოლიდაცია ვერ ხერხდება. როგორც გამოკითხვები აჩვენებენ, პრაქტიკულად, არცერთ ოპოზიციურ პარტიას 5 %-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. კეზერაშვილის ტელევიზიის გამოკითხვებს არ ვგულისხმობ. NDI-ის, IRI-ის მიერ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ გამოკითხვებს ვგულისხმობ, რომელსაც საზოგადოება, მეტ-ნაკლებად, ენდობა. 5 %-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ 2 პარტიას აქვს. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ტურბულენტურ გარემოში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს და მინიმუმ ერთმა, ან ორმა ოპოზიციურმა პარტიამ ბარიერის გადალახვა მოახერხოს. ეს საუკეთესო ვარიანტში. მაგრამ, ამით ხომ სახელისუფელბო კონფიგურაცია არ შეიცვლება. უმრავლესობას ისევ “ქართული ოცნება” აიღებს. გვარამიას და მელიას პარტიის გამოჩენით, ალბათ, “ნაცმოძრაობის” ელექტორატი , გარკვეულწილად, დაიქსაქსება. “ნაცმოძრაობა” პარლამენტში შევა, მაგრამ ვერ შექმნიან უმრავლესობას და მთავრობის ფორმირებას ვერ მოახდნენ. ამჟამინდელი მოცემულობით: შეიძლება, “ქართულმა ოცნებამ” 60 % ვერ აიღოს , მაგრამ 55; 50 +1 რომ აიღოს , საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს”- განაცხადა ანჯაფარიძემ.