ოთარ ნადარაია: მაკროეკონომიკური გარემო და არსებული პარამეტრები რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალებას იძლევა
“თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტი სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას დადებითად აფასებს. ოთარ ნადარაიას მიაჩნია, რომ არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სებ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღების საშუალებას აძლევდა.
„მაკროეკონომიკური გარემო და არსებული პარამეტრები რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალებას იძლევა. ჩვენი პროგნოზი წლის განმავლობაში ისევ უცვლელია და 2024 წლის ბოლომდე განაკვეთის 1%-მდე შემცირებას გულისხმობს. ჩვენი საბაზო სცენარი წლის ბოლოსათვის 8,5%-ია“, – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ფიქრობს, რომ საქართველომ მაღალი ინფლაციური პერიოდი უკვე დაძლია და ამიტომაც საქართველოსნაირ ქვეყნებში ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება დაიწყეს. ოთარ ნადარაიას თქმით, ანალოგიურ გადაწყვეტილების მიღება მალე მოსალოდნელია აშშ-ს და ევროპის ცენტრალური ბანკების მხრიდანაც.
„ამერიკაც და ევროპაც პიკზეა და იქაც მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის შერბილება. ჩვენნაირ ქვეყნებზე რაც შეიძლება ითქვას მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ამ მაღალი ინფლაციის პერიოდებს, რაც საბედნიეროდ გადავიარეთ, შევხვდით ისედაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. ჩვენნაირ ქვეყნებში უფრო ადრე დაიწყო გამკაცრება ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ამიტომ შერბილების ციკლი ჩვენთან ცოტა ადრე დაიწყო“, – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
სებ-ში მიაჩნიათ, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია.
„შიდა ინფლაციის ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი ჩვენი შეფასებით არის მომსახურების ინფლაცია. თქვენ იცით, რომ ბევრ ქვეყანაში გამოიყენება საბაზო ინფლაცია, საბაზო ინფლაცია ჩვენთან მნიშვნელოვანი ინდიკატორია, მაგრამ სურათს, თამბაქოს და ენერგომატარებლებს თუ გამოვრიცხავთ, მომხმარებლის კალათის სტრუქტურიდან გამომდინარე ბევრი არ რჩება. შიდა ინფლაცია, რასაც მოთხოვნის მხარე განაპირობებს ვფიქრობთ უფრო მომსახურების ინფლაციაა. ამ კუთხით ნორმალიზება მიმდინარეობს. თვე თვეზე მაჩვენებლებს თუ დავაკვირდებით სამიზნესთან ახლოსაა“, – აღნიშნა ნადარაიამ.