კატარის პრემიერი აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე პროგრესი მიღწეულია

კატარის პრემიერ-მინისტრის, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის განცხადებით, ეგვიპტის, ისრაელისა და შეერთებული შტატების დაზვერვის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს პოტენციური შეთანხმება, რომელიც მოიცავს ეტაპობრივ ზავს, კერძოდ კი, ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებას და ალყაშემორტყმულ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

„მხარეები იმედოვნებენ, რომ ამ შეთავაზებას „ჰამასს“ გადასცემენ და მათ იმ მომენტამდე მიიყვანენ, რომ პროცესში პოზიტიურად და კონსტრუქციულად ჩაერთვებიან“, – განაცხადა კატარის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, „ჰამასმა“მოლაპარაკებების წინაპირობად ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა მოითხოვა.

„მჯერა, რომ ჩვენ მივედით იმ ადგილამდე, რომელსაც პოტენციურად შეუძლია მომავალში ცეცხლის სამუდამოდ შეწყვეტამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა ალ-თანიმ.

მანვე დასძინა, რომ ახლა მოლაპარაკებები ბევრად უკეთეს ეტაპზეა, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო.

შეგახსენებთ, რომ „ჰამასმა“ გასული წლის 7 ოქტომბერს ღაზადან სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ მძევლად, სულ მცირე, 240 ადამიანი აიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები