“ჩვენ მივიჩნევთ, რომ 2024 წლის ნოემბრამდე, აშშ- ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რუსეთ – უკრაინის ომში სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართულებით არანაირი სერიოზული გარღვევა არ იქნება”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ანალიტიკოსმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა და არსებული ვითარება შეაფასა.
“ჩვენ მივიჩნევთ, რომ 2024 წლის ნოემბრამდე, აშშ- ში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რუსეთ – უკრაინის ომში სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართულებით არანაირი სერიოზული გარღვევა არ იქნება. ძალიან მკაცრი და სისხლისმღვრელი ბრძოლები იქნება. ამ ომის ეპიზოდები აუცილებლად გადაინაცვლებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც”, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები უფრო ადრე დამთავრდება, ვიდრე ევროპის კონტინენტზე მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი.
“საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი მოსახლეობის ყურადღება დღეს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზეა მიპყრობილი. მოგეხსენებათ, 2024 წლის შობა-ახალი წელი მართლმადიდებელმა რუსეთმა მართლმადიდებელ უკრაინას 160 რაკეტით მოულოცა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დღევანდელი ვითარება ასეთია: უკრაინა საჰაერო, საარტილერიო, ასე ვთქვათ, შორ მანძილზე ბრძოლებს შეძლებისდაგვარად იგერიებს, შეძლების ფარგლებში, კონტრშეტევებს ახორციელებს. რაც შეეხება სახმელეთო ბრძოლებს, როგორც ადრე აღვნიშნე და როგორც ჩვენი პროგნოზი იყო, დღესაც სახმელეთო ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიდის. პოზიციურ ბრძოლებში რუსეთის ჯარები წარმატებას ვერ აღწევენ. ისინი ამბობენ, რომ მათი მიზანი შეტევა არაა, მიზანი კონტრშეტევის მოგერიება და დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებაა.
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რუსეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეკრებებით, შეხვედრებით, განცხადებებით გააქტიურდა. შესაბამისად, გააქტიურდა ნატოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა საავიაციო და საჰაერო ბრძოლებს ჩრდილოეთ კორეის და ირანის დახმარებით, მათი რაკეტების და დრონების მეშვეობით აწარმოებს, რამაც დანარჩენ მსოფლიოში ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ამას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები დაემატა. ნატოს ევროპული წარმომადგენლობა უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დაეხმარება, ხოლო ინგლისი და აშშ ისრაელთან ერთად ახლო აღმოსავლეთში სავარაუდო საფრთხეებს გაანეიტრალებენ და უკვე ანეიტრალებენ. ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდება. როგორც ადრე მოგახსენეთ, აღარც “ჰამასი” იქნება, აღარც “ჰეზბოლა”, აღარც ჰუსიტები. ისინი ისე დაზარალდებიან, რომ მათ რეანიმაციას რამდენიმე წელი დასჭირდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები უფრო ადრე დამთავრდება, ვიდრე ევროპის კონტინენტზე მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევი ვერ აიღო, ვერ დაიპყრო უკრაინა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილი რუსეთს ვერ შეუერთა, ახლა გამაგრებულია პოზიციებზე, რომელსაც, რატომღაც, თავისად მიიჩნევს. ზამთარში უკრაინის არმია შევსებას იღებდა და მის დამხმარეებში, აშშ-ში, ევროპაში გარკვეული უთანხმოება გაჩნდა, რომელიც უკვე დალაგებულია, უკრაინას თებერვალში ფინანსური დახმარებაც მიეცემა და ტექნიკითაც დაეხმარებიან. რუსეთმა, როგორც მოგახსენეთ ,მარაგები ჩრდილოეთ კორეისგან და ირანისგან შეივსო, უკრაინაზე მასიური შეტევა მიიტანა და შემდეგ პუტინმა გააკეთა განცხადება, თუ ასე გაგრძელდება, მაშინ უკრაინის სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრებაო. თუ დასავლეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, მაშინ რუსეთი აქამდე უხილავ ძალებს გამოიყენებს და უკრაინის სახელმწიფოს მთლიანად გააუქმებსო. ეს რომ მოხდეს, ჯერ უნდა დაიპყროს და მერე გააუქმოს. დაპყრობა რომ შეძლებოდა, აქამდე დაიპყრობდა. ვფიქრობთ, ეს დასავლეთისთვის მესიჯია, რომელიც ასე გავშიფრეთ: თუ დასავლეთი დაპყრობილ ტერიტორიებს რუსეთს დაუთმობს, მაშინ დანარჩენ უკრაინას სახელმწიფოებრიობაც, დროშაც, გერბიც შერჩება. რა თქმა უნდა, ამას არც უკრაინა, არც ევროპა და არც აშშ დათანხმდებიან.
რუსეთის განსაკუთრებულმა აგრესიამ 90- იან წლებში თითქმის უფუნქციოდ დარჩენილი ნატო ათგზის გააძლიერა. ახლა ნატო ევროპაში სწავლების ჩატარებას აპირებს, რომლის პირდაპირი მესიჯი რუსეთის აგრესიის მოგერიებაა. სწავლებაში ნატოს წევრი ქვეყნებიდან, სავარაუდოდ, 90 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას”, – განაცხადა კასრელიშვილმა.