„სულ მალე თექვსმეტივე აღდგენილი ტილო საოცარი სანახავი იქნება“…

აღდგენის შემდეგ

დადიანების სასახლეში ნაპოვნი 16 ძვირფასი ფერწერული ტილო აღდგა – ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.

აღდგენამდე

„არის ცხოვრებაში პროექტები, უფრო სწორად საქმეები, რომელთა კეთებითაც ყოველთვის ამაყობს ადამიანი (არა აქვს მნიშვნელობა პოზიციას, თანამდებობას, რეგალიას)… ერთ-ერთი ასეთი საქმე თქვენს წინამდებარე ფოტოებზე მოჩანს. ეს ძვირფასი ტილო, რომელიც განადგურების წინაშე იდგა (უფრო სწორად უკვე განადგურების გზაზე იყო), ერთი წლის წინ ზუგდიდის მუზეუმის დირექტორმა დავით ოყუჯავამ სარდაფად გადაკეთებულ ერთ-ერთ ოთახში იპოვა – გაუტარებელ, ჩამოსაწერად გამზადებულ ნივთებს შორის….

აღდგენის შემდეგ

ეს არის 16 უნიკალური ტილო, მათზე დაგროვილი ჭუჭყისა და მტვრის სქელი ფენის მიღმა ძლივს მოჩანდა ასომთავრული და ნუსხური წარწერები… ფერწერის ფენა ცვიოდა, ტილოები იხეოდა, წმინდა სახეები თითქოს ზეზეულად ქრებოდა…
პირველი და განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს და, პირადად, თეა წულუკიანს წულუკიანი თეა, რომლის თანადგომით სამუზეუმო სფეროში საუკუნოვანი პრობლემების მოგვარება შესაძლებელი ხდება (ეს ფოტოები ამ სიტყვების საუკეთესო ილუსტრაციაა).
ქებათა ქება ხელოვნების სასახლის საოცარ რესტავრატორებს: გიორგი და ცოტნე ხუბუტიებს, რომელთაც ნამდვილი ჯადოქრობა ჩაიდინეს… თამამად შეიძლება ითქვას, რომ დადიანების სასახლეების საგანძურს შეემატა დღემდე უცნობი, უნიკალური მხატვრობის ნიმუშები. ეს ის ეპოქაა, როცა ევროპული მხატვრობის გავლენით, ქართველი ოსტატები რელიგიური სცენების ხატვას ფრესკებიდან ტილოებზე იწყებენ და შესანიშნავ ნიმუშებს ქმნიან…
ვულოცავ ჩემთვის ძვირფასი ზუგდიდის დადიანების სასახლეების დირექტორს დავით ოყუჯავას და მის თანამშრომლებს, რომელთაც ძალ-ღონე არ დაიშურეს ამ საქმის დასაწყებად და მხარდასაჭერად… სულ მალე თექვსმეტივე აღდგენილი ტილო საოცარი სანახავი იქნება“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები