ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს ყველამ: ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში, დასავლეთსა და სამხრეთშიც
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი დანიელი დიპლომატის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
“ელჩებისა და დიპლომატების საქმიანობა არის საერთაშორისო კანონით განსაზღვრული და მათ პატივი უნდა სცენ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტსა და მის საშინაო საქმეებში არ უნდა ჩაერიონ.
ეს ჩარევა არის ყოვლად დაუსაბუთებელი, ბრალდებები არის პირდაპირ პოლიტიკური, გარკვეული ჯგუფების ნარატივიდან გამომდინარე და ემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური რადიკალიზაციის გაზრდას. საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს ყველამ: ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში, დასავლეთსა და სამხრეთშიც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.