„საგარეო მნიშვნელობაც აქვს ამ თემას და შიდაპოლიტიკურ სივრცეშიც საგანგებო მნიშვნელობის არის“ – გია ვოლსკი ოთხოზორიას საქმეზე

პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

„რასაკვირველია, ამას სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სამომავლოდაც და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება, არის ამ ჭიდილში ერთ-ერთი საგანგებო, ხაზგასასმელი საკითხი. არა მარტო იმიტომ, რომ დამარცხდა რუსეთი, ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპანტი ძალა, არამედ შიდა ვითარებისთვისაც. საკმაოდ აშკარა სურათი იქმნება – რა გვქონდა, რა გვაქვს და რამდენად არის რუსული თემა ექსპლუატირებული პოლიტიკურ სპეკულაციებში. ასე რომ საგარეო მნიშვნელობაც აქვს ამ თემას და, რა საკვირველია, შიდაპოლიტიკურ სივრცეშიც საგანგებო მნიშვნელობის არის.

საზოგადოება რეალურად ხედავს, რას ჰქვია სერიოზული მუშაობა, რას ჰქვია ქვეყნის ინტერესების დაცვა, მით უმეტეს მცირე რესურსებით ამ უშველებელი ძალის წინააღმდეგ და რას ნიშნავს, საით არის სიმართლე და რა საკითხებზეა საჭირო განსაკუთრებით ყურადღების გამახვილება“, – განაცხადა ვოლსკიმ „ქრონიკასთან“.

ევროსასამართლოს პალატამ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში, რუსეთის ფედერაციის ბრალეულობა დაადასტურა. ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმე მოიგეს და რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები