რატი ბრეგაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი, დამტკიცებულიყო სიმართლე – ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე

“სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი, ერთხელ და სამუდამოდ, დამტკიცებულიყო სიმართლე. კონკრეტულად ამ საქმეში სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე. საქართველომ მოიგო ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, ამავდროულად, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა წარმოება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმეზე. დღეს, სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ოთხოზორიას საქმეზე, რომლის თანახმადაც, სიცოცხლის უფლების დარღვევა დადგინდა და პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გარემოება, რაზეც სასამართლო საუბრობდა წინა გადაწყვეტილებებში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დამსახურებაა იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე, კერძოდ, ვგულისხმობ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას, მტკიცებულებების მოძიების საქმეში. კონკრეტულად ამ საქმეში, სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში. ეს გადაწყვეტილება და წარმატებაც განპირობებულია წინა საქმეებით, რომელიც საქართველომ მოიგო“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე, დადგინდა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

შეგახსენებთ, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები