შალვა პაპუაშვილი: მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, მაქსიმუმს მიაღწიოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მომავალ წლებში

“მომავალი ბევრს გვპირდება. უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დავაბრუნოთ საქართველო იქ, სადაც მისი ადგილია – ერების ევროპულ ოჯახში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, მაქსიმუმს მიაღწიოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მომავალ წლებში.

“ხუთი მითი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ

ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭებინა საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ისტორიული გადაწყვეტილებაა. შარშან, ქვეყნისათვის ევროპული პერსპექტივის მიცემის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს სრულებით ახალი დონის პროგრესს. მას თან ახლავს უფრო მეტი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. ევროკომისიის განცხადებამ გაამართლა საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მოლოდინები და სათანადოდ ასახა ჩვენი ათწლიანი ურყევი ერთგულება ევროპული გზისა და დასავლური ორიენტაციისადმი. იმედია, ეს გადაწყვეტილება გახდება დეკემბერში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინამორბედი.

ქართული საზოგადოება და ხელისუფლება მიესალმნენ ევროკომისიის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებას და დააფასეს იგი. სამწუხაროდ, დღე, რომელიც უნდა ყოფილიყო ეროვნული ერთიანობის მომენტი, ოპოზიციის მიერ ამ მიღწევაში ხელისუფლების როლის დისკრედიტაციის გამუდმებულმა მცდელობებმა წაახდინა. ეს მცდელობები ეყრდნობა მითებს, რომელთა მიზანი საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციაა და, მათი უსაფუძვლობისა და ცილისმწამებლური ხასიათის მიუხედავად, პასუხს საჭიროებს.

შესაბამისად, ეს სტატია არ ეხება სამომავლო გეგმებს ევროკავშირის ახალი წინადადებების შესრულების შესახებ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის სამომავლო წევრობას უკავშირდება. ხელისუფლება დროულად გასწევს სათანადო ძალისხმევას, რათა ქვეყანა წინ წასწიოს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგი საფეხურის, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისაკენ. ამის ნაცვლად, ამ სტატიის მიზანია, გავაქარწყლო მითები საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის წევრობის შესახებ, რომლებიც გამოიგონეს და გაავრცელეს ბოლო რამდენიმე თვეში და რომლებიც დაიბადა დეზინფორმაციის, პოლიტიკური მიკერძოებისა და არასწორი აღქმების შედეგად.

1. საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა კანდიდატის სტატუსისათვის

უმთავრესი მითია, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი იმ 12 პრიორიტეტის სათანადოდ შესრულების გარეშე, რომლებიც განსაზღვრა ევროკომისიამ 2022 წლის ივნისში. არაფერია აღნიშნულზე უფრო შორს სიმართლისგან. ქართული ოცნების ხელისუფლებამ 12 პრიორიტეტზე ფაქტობრივად მარტომ იმუშავა. განსაკუთრებით დიდი სამუშაო გასწია პარლამენტმა. საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებმა, კომიტეტებმა და აპარატმა შეასრულეს უზარმაზარი მოცულობის სამუშაო. მიღებული იქნა თითქმის ასი კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც წარმოადგენს მთლიანი საპარლამენტო საქმიანობის მესამედს.

ეს ყველაფერი მიღწეული იქნა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მათ შორის სამინისტროებთან, სააგენტოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან, მჭიდრო კოორდინაციით. სამუშაოს დიდი ნაწილი, ჩვეულებრივ, შესაძლოა არ ყოფილიყო გარე დამკვირვებლისათვის მაშინვე შესამჩნევი, თუმცა ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა იქნა მიღწეული.

უმრავლეს შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტები თავდაპირველად გარკვეულწილად არაზუსტი და ბუნდოვანი იყო, საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ მოახდინა მათი ხელახალი კონცეპტუალიზაცია და, მეტ-ნაკლებად, ზუსტ და შემოწმებად ჩარჩოში მოაქცია, თან გაუზიარა ევროპელ პარტნიორებს, რათა პრიორიტეტები ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში შესრულებულიყო.

მართლაც, ევროკომისიის მიერ ამჯერად რეკომენდებული ახალი ცხრა „გადასადგმელი ნაბიჯი“ წინა რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილს იმეორებს და, თანაც, ახლებურად და უფრო თანმიმდევრულადაა ფორმულირებული, ვიდრე წინა 12 რეკომენდაცია. ახალი პრიორიტეტები გულისხმობს, რომ კომისია აღიარებს, რომ წინა რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულდა ან ახლებურად უნდა იქნეს ფორმულირებული შემდგომი, უფრო დეტალური მუშაობისთვის.

2. სტატუსს იმსახურებდა ხალხი და არა მთავრობა

დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ხალხისაგან განცალკევება წარმოადგენს კრემლის ჩვეულ ტაქტიკას და წარსულში, წარმოადგენდა საბჭოური რეჟიმის რჩეულ რევოლუციურ მიდგომას. დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მთავრობა მოქმედების ხალხის ნების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ ევროპული პერსპექტივის, ხოლო შემდეგ კანდიდატის სტატუსის მიღება წარმოადგენს აღნიშნულის დასტურს. ქართული ოცნება იყო ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც წინა საარჩევნო კამპანიაში გასცა დაპირება, ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2024 წელს გაეკეთებინა და გულმოდგინედ იმუშავა ამ მიზნის მისაღწევად.

გარდა ამისა, მთავრობისა და ხალხის განცალკევების შესახებ სოფისტური არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, იგი ვერ უძლებს კრიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვის თანახმად, ქართველი ამომრჩეველი დიდი უპირატესობით უჭერს მხარს მმართველ ქართულ ოცნებას ოპოზიციასთან მიმართებით, ზოგჯერ ერთად აღებულ ოპოზიციასთან მიმართებითაც კი.

ოპოზიციის მცდელობამ, განეცალკევებინა ქართველი ხალხი მთავრობისაგან, გამოიწვია ის, რომ ერთ-ერთმა უცხოელმა კრიტიკოსმა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ქედმაღლურად „საჩუქარიც“ კი უწოდა, რაც, ალბათ, ქართულ საზოგადოებაზე მეტად ევროკავშირისათვის იყო დამამცირებელი.

3. საქართველოს მთავრობა დისტანცირდა ევროპისგან

ქართულმა ოცნებამ 2018 წელს მიღებულ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შეიტანა ორმაგი დებულება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, შესაბამისად, ევროკავშირსა და ნატოში. გარდა ამ და სხვა საკანონმდებლო ზომებისა, ყველა დიპლომატიური გამარჯვება ევროკავშირის ფრონტზე, რომელმაც საქართველო ევროპის მიმართულების წასწია წინ, მიღწეული იქნა ბოლო 11 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ასევე მოიცავდა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩვენ მივაღწიეთ და ამასთანავე წარმატებით შევინარჩუნეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დაბოლოს, გასულ წელს ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა ქვეყნისათვის.

ყველა ეს მიღწევა წარმოადგენს ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნებისა და მუდმივად განვითარებადი საჯარო ინსტიტუტების ეფექტურობის შედეგს.

4. ოპოზიციამ ბევრი გააკეთა სტატუსის მისაღებად

აღნიშნული წარმოადგენს ყველაზე მანკიერ და ცინიკურ მითს. ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიცია, ჯერ შეეცადა ევროკავშირის 12 პრიორიტეტზე მუშაობის საბოტაჟს, მერე კი მისი მნიშვნელობის დაკნინებას. თუმცა, როგორც კი ისინი მიხვდნენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა დიდი იქნებოდა, შეეცადნენ თავიანთი თავისათვის მიეწერათ ეს მიღწევა.

სიმართლე, რა თქმა უნდა, არ არის ჩვენი ოპონენტების მხარეს. საპარლამენტო მუშაობა 12 პრიორიტეტზე წარმოებდა სამუშაო ჯგუფებსა და საპარლამენტო კომიტეტებში. ოპოზიციის მონაწილეობა (უფრო სწორად, არმონაწილეობა) არის საკითხი, რომლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შეფასება ძალიან მარტივია. მარტივი ანალიზი გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის წვლილი იყო ძალიან მოკრძალებული, რბილად რომ ვთქვათ. პირიქით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა პროცესის დაზიანებას. მათ გათვლას წარმოადგენდა, რომ 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა მიგვიყვანდა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ წარუმატებლობასთან. შედეგად, ოპოზიციის აზრით, ხალხი განეწყობოდა ხელისუფლების წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ რადიკალურმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო მუშაობას. მათ არ მიუღიათ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესის უდიდეს ნაწილში, რომელიც აუცილებელი იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო კანონმდებლობის მისაღებად. აღნიშნულის გადამოწმება ძალიან მარტივია. გარდა ამისა, მათი დიდი ნაწილი არ იშურებდა ენერგიას საზღვარგარეთ გასამგზავრებლად და ხელისუფლების ძალისხმევის დასაკნინებლად. ოპოზიცია წარუმატებელი იყო ევროპულ დედაქალაქებში და ევროკომისიაში, თუმცა უფრო „წარმატებული“ გამოდგა ევროპულ პარლამენტში, რომელიც ევროკავშირის ის პოლიტიკური ორგანოა, რომელიც ყველაზე მეტად ექვემდებარება პოლიტიკურ გავლენას და მიკერძოებას.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა რადიკალებთან.

შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც მმართველ პარტიას შეეძლო თანამშრომლობა ოპოზიციის შედარებით ზომიერ ფრთასთან (მაგალითად სახალხო დამცველის არჩევა საპარლამენტო კონსენსუსით), პროგრესი მიღწეული იქნა და რეკომენდაცია ერთხმად შესრულებულად ჩაითვალა. იგივე შეიძლება ითქვას საარჩევნო რეფორმაზეც, რომელთან დაკავშირებითაც, ევროკავშირის შეფასებით, ‘მნიშვნელოვანი პროგრესი’ იქნა მიღწეული.

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის განსაზღვრული პრიორიტეტები, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მოითხოვდა, რბილად რომ ვთქვათ უფრო პრობლემური აღმოჩნდა, ოპოზიცია, განსაკუთრებით რადიკალური ნაწილი, ხელს უშლიდა მათი შესრულების პროცესს. ასეთი იყო დე-პოლარიზაციის და სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შემთხვევები. მაშინაც კი, როდესაც შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარები თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან, ისინი ხდებოდნენ სისტემატური ბულინგის მსხვერპლნი მათი რადიკალური კოლეგებისა და ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. ეს სამარცხვინო პრაქტიკა საჯაროდ გამოაშკარავდა შედარებით ზომიერი ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ, რომლებიც ხმა მისცეს სახალხო დამცველის კონსენსუსით არჩევას, ისე, როგორც ამას ევროკავშირის პრიორიტეტები მოითხოვდა.

ამის მსგავსად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება იჩენდა ინტერესს და განზრახვას თანამშრომლობისა, ხელისუფლება რთავდა მათ პროცესში (მაგალითად პარლამენტის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან). სამწუხაროდ, პოლიტიკურად მიკერძოებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეთიშა პროცესს და გარედან დაესხა თავს ხელისუფლებას.

5. კანდიდატის სტატუსი უკავშირდება გეოპოლიტიკას და არა საქართველოს მიღწევებს

გეოპოლიტიკური ფაქტორები ქმნიან ხელსაყრელ ან რთულ გარემოს, თუმცა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა იგი ამ გარემოებებს სათავისოდ. საერთაშორისო პოლიტიკის ცვლილებები გავლენას ახდენს საქართველოს პროგრესზე ევროპის მიმართულებით. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საქართველოსათვის შესაძლებლობად. ამ გაუმართლებელმა და არაადამიანურმა შეჭრამ კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც რთული უსაფრთხოების გამოწვევები ჩვენი ქვეყნისათვის. ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები თითქმის თბილისის მახლობლად არიან და ყოველდღიურად ემუქრებიან საქართველოს სუვერენიტეტს. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის ბოლოდროინდელი მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის რეგიონში.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა დემოკრატიული მმართველობა იარაღის მუქარის ქვეშ განავითარა. ძალიან რთულია ვიპოვოთ სხვა ერი, რომელსაც გააჩნია ასეთი დემოკრატიული მიღწევები მსგავს საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საქართველოსათვის შესაძლებლობად წარმოჩენა ამორალურია. დიახ, მან შეცვალა გეოპოლიტიკა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მისი შექმნის დღიდან და რჩება ასეთად ყველა მონაცემების მიხედვით.

რაც მთავარია, გეოპოლიტიკა არ შეცვლილა 2022 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ევროკომისიის დასკვნა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იყო ნეგატიური. შესაბამისად, რიტორიკულად რომ ვიკითხოთ, როგორ აღმოჩნდა გეოპოლიტიკა მხოლოდ ახლა ჩვენს მხარეს, საქართველოს მიერ თავისი მიღწევების გაუმჯობესების გარეშე.

რა გველის წინ?

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი მიღწევა, რაც ისტორიას დარჩება, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებაა და არა მისი პოლიტიზება.

წინ ბევრი სამუშაოა. კარგია, რომ ევროკავშირთან კომუნიკაცია ახალი ცხრა რეკომენდაციის გარშემო, ამჯერად, უკეთესადაა სტრუქტურირებული, ვიდრე აქამდე იყო. ეს გვაძლევს საშუალებას, კარგად გავაცნობიეროთ რეკომენდაციები, რათა ჩვენი პროგრესი უფრო უკეთ იყოს გაზომილი და დადასტურებული. გვჯერა, რომ არსებული სტრუქტურირებული დიალოგი ევროკავშირთან უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს მომავალ პროგრესს.

განსაკუთრებით საინტერესოა ახალი მოსაზრება დეზინფორმაციის თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს პოლიტიკური განვითარებისათვის. ეს ახალი წინადადება საქართველოს ხელისუფლებისათვის მისაღები და მოსაწონია. მანიპულაცია, არასწორი აღქმების შექმნა და პირდაპირი დეზინფორმაცია ის მანკიერებებია, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკურ კლიმატს წამლავდა. დეზინფორმაციასთან გამკლავება ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის დასასრულებლად. დეზინფორმაციის დონის შემცირება დაგვეხმარება დემოკრატიის კონსოლიდაციაში და ევროკავშირისაკენ უფრო სწრაფად სვლაში.

საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, მაქსიმუმს მიაღწიოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მომავალ წლებში. გვჯერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერს ჩატარდება, პოლიტიკური მანდატის განახლებას მოუტანს ქართულ ოცნებას, რათა საქართველო ევროკავშირთან ნამდვილ ინტეგრაციამდე მიიყვანოს.

მომავალი ბევრს გვპირდება. უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დავაბრუნოთ საქართველო იქ, სადაც მისი ადგილია – ერების ევროპულ ოჯახში”,- წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები