შაქარიშვილი: აშშ-ის საელჩოსთან კითხვები გვაქვს – მართალია თუ არა ის, რაც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 5 წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციასთან არათუ პირად შეხვედრას, არამედ სატელეფონო საუბარსაც კი ვერ ახერხებს?
“კითხვები გვაქვს ამერიკის საელჩოსთან, რომელმაც მათი დღევანდელი ადმინისტრაციის ქმედებებზე პასუხი უნდა გაგვცეს, მართალია თუ არა ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთელი 5 წლის განმავლობაში აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან არათუ პირად შეხვედრას, არამედ სატელეფონო საუბარსაც კი ვერ ახერხებს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შაქარიშვილის თქმით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა.
“კონსტიტუციის დამრღვევი, არალეგიტიმური პრეზიდენტი მავნებლობას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას განაგრძობს. საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ ამერიკულ ტელეარხზე მისი ინტერვიუ იხილა, სადაც საქართველოს დამაზიანებელი გზავნილი კიდევ ერთხელ გააჟღერა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება.
სალომე ზურაბიშვილმა ჩვენი ხელისუფლების მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებასა და სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სამწუხაროდ, ეს მისგან არახალია და ჩვენი ბრიფინგი ამას არ ეხება.
ჩვენი ბრიფინგი ეხება ძალიან მნიშვნელოვან, სკანდალურ განცხადებას, ახალ ამბავს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა. ცალკე საკითხია, როგორი პრეზიდენტია ის, მასთან საზოგადოებას რა შენიშვნები გვაქვს, რომ კონსტიტუციის დამრღვევია და ა.შ. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკის საკითხია, მაგრამ ის არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც აშშ სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს. ნახეთ, რა ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, 5 წელია ცდილობს, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს და ვიცეპრეზიდენტს დაუკავშირდეს და არათუ შეხვედრა ვერ მოახერხა, არამედ
აშშ-ის პრეზიდენტს და ვიცეპრეზიდენტს ტელეფონზეც კი ვერ დაელაპარაკა. წარმოგიდგენიათ, რას ამბობს ქალბატონი სალომე ამ შემთხვევაში? რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება მთელი 5 წლის განმავლობაში არათუ შეხვედრისთვის, არამედ 1 სატელეფონო ზარისთვისაც კი ვერ იცლის. ეს ძალიან დიდი სკანდალია. ამ საკითხს პასუხები სჭირდება, პირველ ყოვლისა, აშშ-დან, განმარტებები საელჩოდან უნდა მოვისმინოთ, ეს მართალია თუ არა და რას ნიშნავს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს აშშ- ს საქართველოს მიმართ, შეიძლება, ითქვას, რომ ეს ფაქტი, რაც სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი გახადა, ნამდვილად ჰგავს სიმართლეს, გამომდინარე იქიდან, რომ ბაიდენი- ჰარისის ადმინისტრაცია საქართველოს განიხილავს არა როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ საკუთარ თავს განიხილავს როგორც საქართველოს სტრატეგიულ პატრონს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზურაბიშვილის ამ განცხადებამ ძალიან სერიოზული საფუძველი შექმნა რუსულ მედიაში და არა მარტო რუსულ მედიაში, რომლებიც პირდაპირ ქილიკობენ საქართველოზე. როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის აშშ- საქართველოს ურთიერთობები , ვგულისხმობ სტრატეგიულ პარტნიორობას, შეიძლება ითქვას, მთელი რუსული
მედია, პროპაგანდა, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მედიასაშუალებები დაგვცინიან. სხვათა შორის, არა მარტო რუსულში, შეგიძლიათ, სხვა საერთაშორისო მედიაში ნახოთ, სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას რამხელა გამოხმაურება მოჰყვა.
რომ შევაჯამოთ: პირველ ყოვლისა, კითხვები გვაქვს ამერიკის საელჩოსთან, რომელმაც მათი დღევანდელი ადმინისტრაციის ქმედებებზე პასუხი უნდა გაგვცეს, მართალია თუ არა ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთელი 5 წლის განმავლობაში აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან არათუ პირად შეხვედრას, არამედ სატელეფონო საუბარსაც კი ვერ ახერხებს. ასევე კითხვებზე პასუხი ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმაც უნდა გაგვცეს, როცა ამბობდა გამიშვით, ჩემი დიპლომატიური კონტაქტები გამოიყენეთ იმისთვის, რომ სტატუსისთვის ვიმუშაოო, აღმოჩნდა, რომ, თურმე, ამ ქალბატონს ტელეფონზეც არ პასუხობენ იქ, სადაც რეალურად ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება. როგორც ჩანს, მას მხოლოდ საელჩოს კლერკებთან აქვს ურთიერთობა,
მას ისე ექცევიან, როგორც რიგით აგენტს. ეს მისი არჩევანია.
ჩვენთვის საინტერესო და მტკივნეულია ის ამბავი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ცნობილი გახადა. ეს ბევრ რამეს აჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რა დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ ბაიდენი- ჰარისის ადმინისტრაციას”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.