“მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის ურთიერთობის გაღრმავება” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობის მიზანში შედის აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შეთანხმების ხელმოწერა, ასევე, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.

ამის შესახებ მან ქვეყნის პარლამენტში მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს თქვა.

„ჩვენი გეგმები მოიცავს აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების ხელშეკრულების ხელმოწერას და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ჩვენ გვესმის, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ასეთი პროგრამის ხელშეწყობა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებში შედის“, – თქვა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მსოფლიო წესრიგის ნგრევის პირობებში, სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი ინსტრუმენტია სამშობლოს იდენტიფიცირება სახელმწიფოსთან, მის ტერიტორიასთან, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან.

„ამ აღქმიდან გამომდინარე, მთავარი, პრაქტიკული პრობლემა, რაც  უნდა უცნაურად ჟღერდეს, არის სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობის გაცნობიერება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის საკითხების გლობალურ განხილვამდე გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ვართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, გვყავს ოთხი მეზობელი და მათთან ურთიერთობაში ყველა ის ძირითადი საფრთხე და შესაძლებლობა შეიძლება, წარმოიქმნას, რაც ჩვენ გვაქვს. ამ კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია მეგობრული, თანამშრომლობითი ხასიათის ურთიერთობის გაღრმავება საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები