ლაშა შაყულაშვილი: პალესტინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად ორი რამ გაათავისუფლებს – ანტისემიტიზმი და ისრაელის სახელმწიფოს გაქრობის ნატვრა და „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაცია
„იდიშის“ ლექტორი, ლაშა შაყულაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შაყულაშვილი აღნიშნავს, პალესტინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად ორი რამ გაათავისუფლებს – ანტისემიტიზმი და ისრაელის სახელმწიფოს გაქრობის ნატვრა და „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაცია.
„მეგობრებო, საღამო მშვიდობისა. გიზიარებთ უახლეს მონაცემებს ისრაელიდან. გაწვდით მხოლოდ ფაქტებს და არა ანალიტიკას:
– ისრაელი პრეზიდენტ ბაიდენის დასახვედრად ემზადება. თელ-ავივში დაგეგმილი შეხვედრის გარდა – პრეზიდენტი ბაიდენი ჩავა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში და იორდანიის, ეგვიპტის და პალესტინის ლიდერებს ამანში შეხვდება.
გთავაზობთ მისი ოფიციალური განცხადების მცირე ნაწილს: „ოთხშაბათს მივემგზავრები ისრაელში, რათა ჰამასის სასტიკი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ჩემი სოლიდარობა გამოვხატო. შემდეგ კი იორდანიაში გავემგზავრები, რათა გადაუდებელ ჰუმანიტარულ საჭიროებაზე ვიმოქმედო. ასევე, შევხვდები ლიდერებს და მკაფიოდ დავაფიქსირებ, რომ ჰამასი არ იბრძვის პალესტინელთა თვითგამორკვევის უფლებისათვის“.
– ღაზას სექტორში გატაცებულ ადამიანთა რაოდენობა 200-ს შეადგენს. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებსაც უკვე ესაუბრა ისრაელის სახელმწიფო და შესაბამისი დასტურიც ოფიციალურად მიაწოდა. გატაცებულთა შორის არის ჩვენებური ახალგაზრდა გოგო, თამარ გოლდენბერგი. უახლოეს დღეებში კი ისრაელი საფრანგეთის პრეზიდენტს ელოდება, რომელსაც სურს ტყვეების გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის მიღება;
– 7 ოქტომბერს სასტიკად მოკლულ ადამიანთა რაოდენობა 1400-ს შეადგენს. რამდენიმე ოჯახი სრულად ამოჟლიტეს. სახლებსა და ქუჩებში დაყენებულ სათვალთვალო კამერებში წარმოუდგენელი კადრებია აღმოჩენილი და მკვლელობათა უამრავი შემთხვევა ვიდეოზეა აღბეჭდილი. ზოგან კი 20-30 ადამიანი თავშესაფრის ოთახებში ერთად ჰყავთ ცოცხლად ამომწვარი;
– ღაზას სექტორის გასწვრივ არსებული ტერიტორია სრულად ევაკუირებულია. დღეს იპოვეს ერთი შეუიარაღებელი ადამიანი, რომელიც 7 ოქტომბერს სხვებთან ერთად ღაზას სექტორიდან გადმოიპარა. ჩრდილოეთ ისრაელში კი 28 დასახლებაა ევაკუირებული, რათა სიტუაციის შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობა არ დაზარალდეს;
– რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო და ქართულენოვან მედიაში, გავრცელდა კადრები – თითქოს ისრაელის მიერ ღაზას სექტორის მაცხოვრებელთათვის მიცემული უსაფრთხო კორიდორი თავად დაბომბა. მოგვიანებით კი დადასტურდა რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ეს ჯგუფი თავად ჰამასმა დახოცა – დანაღმულ ტერიტორიაზე გატარებით. ადამიანებს რაკეტა არ დასცემიათ, არამედ ჰამასისსავე დაგებულ მონაკვეთზე გაატარეს და ნაღმზე ააფეთქეს;
– დღეს და მთელი ეს დღეები – გრძელდება სარაკეტო იერიში ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებზე; მათ შორის თელ-ავივში;
– რაც შეეხება ომის ესკალაციას: აშშ-მ განაცხადა, რომ თუ ისრაელს „ჰეზბოლა“ თავს დაესხმება – ამერიკა ისრაელს სათანადო დახმარებას აღმოუჩენს; ირანმა განაცხადა რომ თუ ისრაელი ღაზაზე სარაკეტო იერიშებს არ შეწყვეტს – მუსლიმურ ქვეყნებს მოთმინების ფიალა აევსებათ და ისრაელს თავს დაესხმებიან; ისრაელის მეზობელმა და იორდანიის მეფემ კი არაბულ სახელმწიფოებს მოუწოდა, რათა არ დაუშვან შუა აღმოსავლეთში არეულობა;
ყოველ მიმართვაში, ისრაელის სახელმწიფო, აცხადებს რომ მას არ სურს ომი და არც მისი ესკალაცია. ისრაელის სახელმწიფოს თავს დაესხა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობა საზარელი მეთოდებით ამოხოცა. „ჰამასი“, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აწამებს და ფარად იყენებს. ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე მიტანილი ყველა სარაკეტო იერიშის დროს – ისრაელი ოფიციალურად აფრთხილებს და სთხოვს მშვიდობიან პალესტინელებს გაერიდონ „ჰამასის“ ოფისებს/ბუნაგებს. ისრაელის საჰაერო ავიაცია კი დაბეჭდილ ფურცლებს ციდან ღაზას სექტორში ყრის და მოსახლეობას სამხრეთში გადანაცვლებას სთხოვს. პარასკევსვე, ღაზას სექტორში, გაეროს UNWRA-ს მიერ დაცულ ტერიტორიაზე 200,000-ზე მეტი მშვიდობიანი პალესტინელი იყო შეფარებული.
აი, ეს არის განსხვავება სახელმწიფოსა და ტერორისტულ ორგანიზაციას შორის. ერთი მოსახლეობას აფრთხილებს, მეორე კი ადამიანებს თავს ესხმის, თავს აჭრის, ერთმანეთზე გადაბმულებს ცოცხლად წვავს, გაუპატიურებულ და მხეცურად მოკლულ ადამიანებს ფოტოებს უღებს და სოციალურ ქსელში ისე ავრცელებს.
ეს არის ომი ცივილურ სამყაროსა და ცივსისხლიან ტერორისტებს შორის.
ამ პროცესებში, განსაკუთრებით კი ტერმინოლოგიაში, ეთნიკურობის და რელიგიის გარევა არის დანაშაული.
ბოლოს კი მინდა „ჰამასთან“ არაპირდაპირ მოფლირტავეებს მოგმართოთ – პალესტინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად ორი რამ გაათავისუფლებს: (1) ანტისემიტიზმი და ისრაელის სახელმწიფოს გაქრობის ნატვრა, და (2) „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაცია“, – წერს ლაშა შაყულაშვილი Facebook-ზე.