რატი იონათამიშვილი: ფაქტობრივად, ნიკა გვარამია აღიარებს, რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია
“ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსს ეხმაურება.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს, რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია.
“რადგან გვარამია წერს, სამი მოსამართლე გვყავსო (!), დიდი შანსია, იმ სამ მოსამართლეს უბრალოდ განსხვავებული აზრი კი არ ქონდეს გამოთქმული, არამედ კიდევ უფრო მძიმედ შეელახათ საკუთარი პროფესიული “რეპუტაცია” და ნათქვამი ქონდეთ – დარღვევა საერთოდ არ არისო.
ვნახოთ, დაველოდოთ.
ფაქტობრივად, გვარამია აღიარებს:
1. რომ უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელია;
2. რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ცალკეული მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი და მათ დავალებებს ასრულებს”,- წერს იონათამიშვილი.
ინფორმაციისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა დღეს გამოაქვეყნა. სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადგინა. ამასთან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.