კახა გოგოლაშვილი: „ჰამასის“ შეტევის უკან არ ჩანს პალესტინელებითვის რაიმეს მომტანი სტრატეგიული მიზანი – ვფიქრობ, რომ ის სხვა ძალის ინტერესებს ემსახურება
ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ექსპერტი მიიჩნევს, „ჰამასის“ ამ შეტევისა და გაჩაღებული სისხლისღვრის უკან არ ჩანს პალესტინელებითვის რაიმეს მომტანი სტრატეგიული მიზანი, რაც მას აფიქრებინებს, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და სხვა ძალის ინტერესებს ემსახურება.
„ამ საშინელ ამბავში, რაც ისრაელსა და პალესტინას დაატყდა თავს ბევრი რამეა გაუგებარი. გაუგებარია, ასეთი სისასტიკე და ადამიანური სახის არარსებობა, რაც პალესტინელმა ტერორისტულმა ჯგუფებმა გამოავლინეს. გაუგებარია ისრაელის დაზვერვის ასეთი ჩავარდნა, რადგან შეუძლებლად მიმაჩნია იქვე, რამდენიმე კილომეტრში მოწინააღმდეგე საბრძოლო ქვედანაყოფებს აკომპლექტებდეს, აიარაღებდეს, წვრთნიდეს, ინსტრუქტაჟს უტარებდეს და შენ არაფერი გესმოდეს. უცნაურია ფესტივალის გამართვა ღაზას საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში და არავითარი პრევენციული საპოლიციო და სამხედრო-სადაზვერვო ზომები ამხელა მასა ხალხის თავმოყრის ადგილის გარშემო, თანაც ქვეყანაში, რომელიც შეჩვეულია ტერორისტულ თავდასხმებს. უცნაურია, რომ ღაზადან დამცავი ღობეები რომ რამდენიმე ადგილას გაარღვიეს არავინ შეატყობინა ფესტივალის მონაწილეებს, რომ იმწამსვე დაეტოვებინათ შეკრების ადგილი. ბევრი სხვა დეტალი, კიდევ მოგვიანებით გაიხსნება. მაგრამ, ყველაზე მეტად მაკვირვებს ის, რომ „ჰამასის“ ამ შეტევისა და გაჩაღებული სისხლისღვრის უკან არ ჩანს პალესტინელებითვის რაიმეს მომტანი სტრატეგიული მიზანი. თავად ღაზას მცხოვრებნი, მეომარი ჯგუფების ჩათვლით, საშინლად დაისჯებიან და ათჯერ მეტი მსხვერპლი ეყოლებათ, ასჯერ მეტი მატერიალური ზარალი, ვიდრე თავად ისრაელელებს. მათთვის ასევე ჩაიკეტება ისრაელში მუშაობის შესაძლებლობა დიდი ხნით, კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოექცევიან და თავს ვერ დააღწევენ სიღარიბეს და გაჭირვებას. დიდ ნაწილს მოუწევს ემიგრაციაში წასვლა. ვეღარ იმკურნალებენ ისრაელში, ვერ მიიღებენ ვერავითარ სოციალურ ან ჰუმანიტარულ დახმარებას ვერც სხვა მუსლიმი ქვეყნებიდან, რადგან ისრაელი ბლოკადაში მოაქცევს ზღვიდან და სამხრეთიდან მთელ სექტორს. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და ემსახურება რაღაც სხვა ძალის ინტერესებს. არ დავკონკრეტდები, ვინ არიან ეს ძალები, მაგრამ ცხადია, რომ მათთვის პალესტინელები მხოლოდ იარაღი ან სახარჯი მასალაა ისრაელისა და აშშ-ს დასასუსტებლად, რაც შეიძლება ამ შეტევის ერთადერთი პრაქტიკული შედეგია, მაგრამ არაფრის მიმცემი პალესტინელი ხალხისთვის. მე მგონია, ისრაელის პოლიტიკის მარცხი ისიც არის, რომ ვერ მოახერხა პალესტინელებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება. ისრაელმა ვერ მოახერხა (თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს არ უცდია) პალესტინელების დისტანცირება იმ გარე ძალებისგან, რომლებსაც მშვიდობას და განვითარებას ისრაელსა და პალესტინაში დაპირისპირება და ქაოსი ურჩევნიათ, და ძირითად მიზნად მისი განადგურება დაუსახავთ. ისრაელი, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაში ერთიანია, როგორც ერი ვერ შეთანხმდა შიდა პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე და გახლეჩილია. ვფიქრობ, იცხააკ რაბინის გზა იყო ერთადერთი სწორი გზა, მაგრამ შიდა ძალებმა არ მისცეს განხორციელების საშუალება. ეს კარგად გამოიყენეს გარე, ბოროტმა ძალებმა და შედეგად ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე გაიზარდა პალესტინელების მთელი თაობა, რომელთაც სძულთ ებრაელები და სისასტიკის კულტივირებას ეწევიან დღენიადაგ. მთავარი კითხვაა, რა უნდა ქნას ისრაელმა? ნუთუ ისიც ღაზის სექტორზე, „ჰამასზე“ თუ „ჰეზბოლაზე“ მხოლოდ ტაქტიკური გამარჯვებებით დაკმაყოფილდება და ვერასდროს დაიმკვიდრებს სტაბილურ მშვიდობას? არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ სტრატეგიულ აზროვნებას ებრაელებს ვერავინ ასწავლის, თუ შეთანხმდებიან და ერთი აზრით იმოქმედებენ მოახერხებენ რაბინის გზის კვლავ გაცოცხლებას და პალესტინელ ხალხთან (არა ტერორისტებთან და დამნაშავეებთან) საერთო ენის და საერთო ინტერესებზე დამყარებული მშვიდობის მოპოვებას“, – წერს კახა გოგოლაშვილი Facebook-ზე.