ლაშა შაყულაშვილი: თანამემამულეებო, დარჩით სახლებში და მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას დაუჯერეთ

“გიზიარებთ უახლეს ინფორმაციას და შესაბამის ფაქტებს. არავითარი ანალიზი და ანალიტიკა აქ არ არის”, – ამის შესახებ “იდიშის” ლექტორი, ლაშა შაყულაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

შაყულაშვილი თანამემამულეებს მოუწოდებს, მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას დაუჯერონ.

“შუადღე მშვიდობისა,
გიზიარებთ უახლეს ინფორმაციას და შესაბამის ფაქტებს. არავითარი ანალიზი და ანალიტიკა აქ არ არის:
– ისრაელის სახელმწიფოს მიერ გამოყვანილი ჯარისკაცების რაოდენობა არის 300, 000 ადამიანი. ეს არის ისრაელის ისტორიაში საბრძოლველად გამოსულ ისრაელელთა ყველაზე დიდი რაოდენობა!
– გრძელდება ღაზადან სამხრეთ ისრაელის რამდენიმე ლოკაციის დაბომბვა და ამის გრუხუნი აღწევს თელ ავივშიც კი, ხშირად გადაბმულად. სარაკეტო იერიშის შედეგად აშკელონში 4 დაშავებულის შემთხვევა 1 წუთის წინ გამოაცხადეს. რაკეტების გარდა – ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურეს ღაზადან მფრინავი ობიექტის ისრაელის ტერიტორიაზე შემოღწევის მცდელობის ფაქტი;
– სახელმწიფო მონაცემებით მოკლულია 800-ზე მეტი ისრაელელი; ასევე, ამერიკის 9, გერმანიის 1 და ტაილანდის 12 მოქალაქე;
– 2508 ადამიანი საავადმყოფოშია და 23 სიცოცხლეს ებრძვის. გაურკვეველია მუსიკალურ ფესტივალზე დაკარგული ასეულობით ახალგაზრდის ბედი, რომლებიც კონტაქტზე მეორე დღეა რაც არ გამოდიან;
– ამ ეტაპისათვის ღაზას სექტორიდან ნასროლია 4400-მდე რაკეტა. 2400 ღია სივრცესა და ზღვაში ჩამოვარდა, 280 რკინის გუმბათმა გაანადგურა, ხოლო 80 მათგანი კი შესაბამის წერტილს მოხვდა – მათ შორის ერთი აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქდა;
– დღის 2 საათისათვის, დახლოებით 12 რაკეტა ისროლეს სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით. გაურკვეველია – ჰამასის თუ ჰეზბოლას ტერორისტების მიერ იყო ისინი ნასროლი. ჰეზბოლამ უკვე იუარა. ჩრდილოეთ ისრაელის საზღვარი სრულად კონტროლდება ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ, საზღვრის უკიდურეს ნაწილში მცხოვრებ ისრაელელებს კი ნებაყფლობითი ევაკუაცია შესთავაზეს;
– აეროპორტი მუშაობს შეფერხების გარეშე; ამ წუთისათვის პოლონეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც თავისი მოქალაქეების და დიპლომატების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა. მხოლოდ პოლონეთის მიერ განხორციელებული ევაკუაციაა ოფიციალურად დადასტურებული, სხვა არავის. ასევე, ქვეყანაში ჩამოვიდა უამრავი ისრაელელი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ქვეყანაში სამხედრო პროცესებში მონაწილეობისათვის დაბრუნდა;
– ჯერ კიდევ დაუდგენელია ღაზას სექტორში გადაყვანილი ისრაელელი თუ სხვა ეროვნების ტყვეთა ზუსტი რაოდენობა – არც ცოცხლების და არც მკვდრების. ასევე, გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია რომ ყატარი მონაწილეობს ქალი ტყვეობის გამოხსნის პროცესში, თუმცა ეს არის არაოფიციალური ინფორმაცია;
– ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) მკაფიოდ იმეორებენ რომ სამხრეთის რეგიონების აღების მიუხედავად – ჰამასის ტერორისტები ჯერ კიდევ იმალებიან იქ;
– რუსეთმაც გააკეთა განცხადება და დაწერა რომ “მესამე მხარის” ამ “პროცესში” ჩარევა – სიტუაციას გაამწვავებს. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდათ – რუსეთმა მესამე დღეს რომ “ასეთი” განცხადება გააკეთა;
თანამემამულეებო, დარჩით სახლებში და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას დაუჯერეთ!
ასევე, ფეხზე მუდმივად გეცვათ ფეხსაცმელი, რათა ვიბრაციის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო თუ მინები ჩაიმსხვრა – ფეხსაცმლის ძებნაში ფეხები რომ არ დაიჭრათ”, – წერს “იდიშის” ლექტორი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები