Meduza: რუსეთმა გემები სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაისროლა

‎OSINT-ის ანალიტიკოსმა, MT Anderson-მა 1-ელი ოქტომბრით დათარიღებული სატელიტური სურათები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მნიშვნელოვანი ნაწილი ანექსირებული სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაისროლეს.

Meduza წერს, რომ ნოვოროსიისკში ორი პროექტის 11356 ფრეგატი “ადმირალ ესენი” და “ადმირალ მაკაროვი” გადავიდნენ, სამი დიზელის წყალქვეშა ნავი, ხუთი დიდი სადესანტო ხომალდი და რამდენიმე პატარა სარაკეტო ხომალდი.

2 ოქტომბრის სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ ანექსირებულ ყირიმში, კერძოდ კი, ფეოდოსიაში ერთი დიდი სადესანტო ხომალდია, ნაღმსატყორცნები და მცირე სარაკეტო ხომალდები.

გარდა ამისა, თავად სევასტოპოლში, 2 ოქტომბრის ფოტოების მიხედვით, რჩება ოთხი 775-ის პროექტის დიდი სადესანტო ხომალდი (ნატოს კლასიფიკაცია: Ropucha​) და Kilo-ს კლასის წყალქვეშა ნავი.

როგორც ყოფილმა ნორვეგიელმა ოფიცერმა და OSINT-ის ანალიტიკოსმა, ტორდ არე ივერსენმა თქვა, გემების გასვლა სევასტოპოლზე თავდასხმების „ექოა“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფლოტი მთლიანად გავიდა, რუსეთის შავი ზღვის ბაზაზე გემები რჩებიან.

2 ოქტომბერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაისროლეს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების გემების ბაზირების პუნქტი გაიხსნება.

არის თუ არა დაკავშირებული სევასტოპოლიდან გემების გაყვანა აფხაზეთში მათ გადასროლასთან, ჯერჯერობით უცნობია. კრემლში აცხადებენ, რომ საკითხზე თავდაცვის სამინისტრომ უნდა უპასუხოს.

ასლან ბჟანია კი აცხადებს, რომ ოჩამჩირეში მუდმივ საფუძველზე გემების განთავსება “უსაფრთხოების უზრუნველყოფას” ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები