“არაკომპეტენტურობის ფსკერია” – ამირან სალუქვაძე

“არაკომპეტენტურობის ფსკერია. აღარ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ასეთ მარტივ საკითხებზე, ასეთი აბდაუბდის მოსმენა, ასეთ დონის მსჯელობისას, კატასტროფაა”, – ასე ეხმაურება ექსპერტი, ამირან სალუქვაძე პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვას.

“კითხვას სვამენ, 49-ე მუხლი სტატუსს განსაზღვრავს თუ უფლებამოსილებას. იწყებენ ბოდიალს, რომ სტატუსი განსაზღვრავს უფლებამოსილებას და ა.შ.

49-ე მუხლს სათაურად აწერია “საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი”. 52-ე მუხლს აწერია “საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები”. რა არის გაუგებარი?

სტატუსი ერთია, უფლებამოსილებები მეორე. უფლებამოსილებები სტატუსიდან, თანამდებობიდან გამომდინარე დგება, მაგრამ უფლებამოსილებები ადგენს სტატუსის, თანამდებობის პირის სამართლებრივი ჩარჩოებს, რისი უფლება აქვს და რისი არა.

52-ე მუხლში წერია: “მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში”. აქ ყველაფერი მკაფიოა.

დაისვა კითხვები და 3 დღეა, განიხილავენ, ვინაა პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, ვიზიტები არის თუ არა საგარეო პოლიტიკის განხორციელება და ა.შ. სამი დღის მანძილზე ბევრი არაკვალიფიციური განმარტება მოვისმინე.

იშველიებენ 78-ე მუხლს, სადაც წერია: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”

მკაფიოდ წერია, ხომ “თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში”? უფლებამოსილებები კი განსაზღვრულია 52-ე მუხლში, სადაც პრეზიდენტს უწერია “მთავრობის თანხმობით”, რადგან ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა აქტი, ქმედება არის საგარეო ურთიერთობების განხორციელება.

დღეს დაამატეს, რომ 52-ე მუხლი არის პრეზიდენტის დამატებითი უფლებამოსილება, რათა მთავრობის საქმიანობაში შემოიყვანონო. აბსურდია. 52-ე მუხლი მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს, რაც შეზღუდულია საგარეო ურთიერთობების ნაწილში და მოქმედებს მთავრობის თანხმობით.

ახლა ვენეციის კომისიის დასკვნას იხილავენ, სადაც ასევე წერია, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ფუნქციები და მისი როლი არის სიმბოლური. პირადად ასე მესმის და ასე გავიგე”,- წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები