პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო

   საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ზაგულბას სასახლეში გაემართა, სადაც პირისპირ შეხვდება აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს. ორი ქვეყნის ლიდერები შეხვედრას გაფართოებული შემადგენლობითაც გამართავენ, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 13 თებერვალს კახის რაიონის მონახულებით დასრულდება, სადაც ადგილობრივ, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ივანე მაჭავარიანი. დელეგაცია საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები