ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: დღეიდან, თუ ცხოველს მუნიციპალურ თავშესაფარში დაარეგისტირებთ, მისი სტერილიზაცია/კასტრაცია უფასო იქნება
დღეს თბილისის ცხოველთა მუნიციპალურმა თავშესაფარმა ასეთი კამპანია დაიწყო: ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ცხოველი ჰყავს, შეუძლია, ის ჩვენს თავშესაფარში დაარეგისტრიროს, ჩიპი გაუკეთოს, რომელიც ცხოველს ერთჯერადად ედგმება. ასეთი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია უფასოდ მოხდება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ყველა პატრონიანი ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს.
“დღეს თბილისის ცხოველთა მუნიციპალურმა თავშესაფარმა ასეთი კამპანია დაიწყო: ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ცხოველი ჰყავს, შეუძლია, ის ჩვენს თავშესაფარში დაარეგისტრიროს, ჩიპი გაუკეთოს, რომელიც ცხოველს ერთჯერადად ედგმება. ასეთი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაცია უფასოდ მოხდება.
ეს ოპერაცია სხვადასხვა კლინიკაში საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ ყველაფერს მოსახლეობას უფასოდ ვთავაზობთ. ეს ოპერაცია ერთადერთი გზაა იმისა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრათ. ეს კამპანია ამ ოპერაციის და ცხოველის იდენტიფიკაცია- რეგისტრაციის წახალისებას ემსახურება. ჩვენ ასეთი კამპანია უკვე გვქონდა, რამაც საკმაოდ კარგად იმუშავა, ამ აქციით 1 თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრმა ისარგებლა.
თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ყველა პატრონიანი ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაცია უნდა ჰქონდეს გაკეთებული. თუ ცხოველის იდენტიფიცირება ვერ მოხდება, მეპატრონე ჯარიმას დაექვემდებარება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს ჯარიმა გაიზარდოს, რადგან არ არის ისეთი ოდენობის, რომ ქმედითი და ეფექტიანი იყოს. იმედი მაქვს, რომ ჯარიმის ოდენობა გაიზრდება ისე, რომ მეპატრონეებმა პასუხისმგებლობა უფრო მეტად იგრძნონ. ახლა ჯარიმის ოდენობა 8 ლარია”, – განაცხადა კობიაშვილმა.