ლიბიის საპორტო ქალაქ დერნაში დამანგრეველი სტიქიური უბედურების აღმოფხვრა ამ დრომდე მიმდინარეობს, მეზობელი ქვეყნები დახმარებას გზავნიან.
ქალაქ დერნეს ქარიშხალი “დენიელი” კვირას, 10 სექტემბერს დაატყდა, რასაც ძლიერი ქარი, გადაუღებელი წვიმა მოჰყვა. უხვმა ნალექმა პატარა მდინარეების კალაპოტი აადიდა, ასევე, ორმა კაშხალმა ამოხეთქა.
როგორც France24-ს ლიბიაში “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იან ფრიდეზმა განუცხადა, შვიდი მეტრის ტალღებმა „ყველაფერი გაანადგურა“.
ამ ყველაფრის ერთობლიობამ გამოიწვია ის, რომ 100-ათასიანი ქალაქის რაიონები მთლიანად დაიტბორა, წაღებულია ხიდები, ხალხი ზღვამ წაიღო.
ბენღაზის მიერ კონტროლირებადი, ლიბიის აღმოსავლეთის რაიონების შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ მსხვერპლი შესაძლოა, 5300 ადამიანს აღემატებოდეს.
ჯანდაცვის მინისტრმა, ოსმან აბდელ ჯალილმა ტელარხ “ალ-მასარასთან” საუბარში თქვა, რომ ამ დროისთვის 3 ათასი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული, “თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 10 ათასს მიაღწევს”.
,,წითელ ჯვარში,, აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაკარგულთა რიცხვი 10 ათასს აღწევს.
Sky News იტყობინება, რომ სულ მცირე 40 ათასმა ადამიანმა დატოვა სახლები.
მაშველები დაზარალებულ რაიონამდე მისვლას, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებენ. ადგილობრივებს წყლიდან ცხედრების ამოყვანა თავად უწევთ.
როგორც ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა თქვა, “ყველგან ცხედრებია – ზღვაში, ხეობებში, ნანგრევებში”.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მოსახლეობის ნახევარი წყალში დაიხრჩო, “შესაძლოა – 90%-იც კი”.
“მამიდაჩემის სახლი მთლიანად დაიტბორა, მეორე მამიდას სახლშიც ყველა დაიღუპა, ბიძაშვილის სახლშიც იგივეა. ეს გენოციდია“, – თქვა Euronews-თან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაზარალებულმა.
,,წითელი ჯვრის,, და ,,წითელი ნახევარმთვარის,, წარმომადგენელმა, თემერ რადანამამ ბრიფინგზე თქვა, რომ მსხვერპლი მასშტაბურია, წყალდიდობასთან ბრძოლა “მთავრობის, საზოგადოების და ხალხის შესაძლებლობებს აღემატება, მასთან გასამკლავებლად საერთაშორისო დახმარება იქნება საჭირო”.
როგორც BBC წერს, ექსპერტები ადრე ამბობდნენ, რომ დერნაში კაშხლების ამოხეთქვა იყო მოსალოდნელი, მაგრამ როდესაც ეს მოხდა, მაცხოვრებლებს არავინ შეატყობინა.
ლიბიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპიკერმა, ოსამა ალიმ თქვა, რომ ”დერნას მახლობლად, რომელიც მთიანი სანაპირო ზონაა, სახლები ხეობებში, წყალმა წაიღო. ამინდი კარგად არ იყო შესწავლილი და არ მომხდარა ოჯახების ევაკუაცია”.
დერნას გარდა, უამინდობის შედეგად, დაზარალდა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქები: ბენღაზი, სუსი და ალ მაჯი.
სამაშველო სამუშაოების დროს ლიბიის არმიის შვიდი ჯარისკაცი დაიკარგა.
აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა, სკოლები და მაღაზიები დაკეტილია.