ლევან მაისაშვილი: მე ის გუნდი დავინახე, რომელსაც 4 წელიწადია, ერთად ვაშენებთ
ბორჯღალოსნების ბოლოდროინდელმა ისტორიულმა გამარჯვებებმა რაგბის ქართული აუდიტორია ერთი-ორად გაზარდა და მასთან ერთად მუდმივი გამარჯვების ჟინიც, თუნდაც ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო გრანდებთან დაპირისპირება იყოს. გასაგებია, რომ ახლადშემოკრებილ გულშემატკივართა ნაწილს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ავსტრალიასთან მარცხმა პარიზში (35-15) გული დაწყვიტა, თუმცა არცერთი ექსპერტი მსოფლიოში ამ, მატჩში საქართველოს გამარჯვებას არც მოელოდა;
სწრაფად მზარდი სარაგბო ქვეყნის ნაკრებისგან ისინი პროგრესის ხილვას ელოდნენ და ნახეს კიდეც 2 რეალიზებული და 3 გაფუჭებული ლელოს სახით. 2 ლელო ავსტრალიისთვის აქამდე არასდროს დაგვიდია, და არც 13 ჯარიმა მოგვიპოვებია, – ავსტრალიამ კი – 7 და ეს იმ ფონზე, რომ ბოლო 30 მატჩში ეს მაჩვენებელი მას 10-ზე ნაკლები არასდროს ჰქონია.
“პირველ ნახევარში უბრალოდ არ მივეცით თამაშის საშუალება საქართველოს, თუმცა მეორე ნახევრით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით” – განაცხადა ედი ჯონსმა, ავსტრალიის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ, – გასაგებიცაა – 47-ე წუთზე საქართველომ კაცნაკლული, 14 კაციანი შემადგენლობით დაუდო ლელო და არაერთი ძალიან სახიფათო მომენტიც შეუქმნა.
ტიერ 1-ის ქვეყნებთან თამაშის შესაძლებლობა საქართველოს იშვიათად ეძლევა და მსოფლიო ჩემპიონატზე უწევს მათთან ძალების მოსინჯვა, საკუთარი თავის გატესტვა, შესაბამისად ის რომ, პირველ ტაიმში პარალიზების მიუხედავად, 10 წუთიანი შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნებმა თამაში მკვეთრად შემოაბრუნეს – ექსპერტებს და მათ შორის საქართველოს მთავარ მწვრთნელსაც, ლევან მაისაშვილს აშკარა პროგრესს აჩვენებს: “მე ის გუნდი დავინახე, რომელსაც ერთად ვაშენებდით 4 წელიწადი, – არავინ ერთმანეთისკენ ხელი არ გაიშვიროს, არავინ არის გმირი და ანტიგმირი, ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ” – უთხრა მან გუნდს თამაშის შემდეგ.
მსოფლიო გრანდების შემდეგ საქართველო რაგბის უამრავი ფანისთვის ე.წ. მეორე არჩევანია, და, მას მკაფიო პოტენციალის გამო გულშემატკივრობენ, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, რომლის ტოპ-გუნდებში ბორჯღალოსანთა შემადგენლობის ნახევარი წარმატებით თამაშობს და ფრანგები მათ კარგად იცნობენ, ამიტომ, არცთუ გასაკვირად, ავსტრალიასთან მატჩზე ფრანგი მაყურებელი საქართველოს გულშემატკივრობდა და ტრიბუნებიდან მერსელიოზაც უმღერა გასამხნევებლად.
მაყურებელს რაც შეეხება, ამ მსოფლიო ჩემპიონატს რეკორდული რაოდენობა ესწრება, დაწყებამდე ერთი თვით ადრე 600 ათასზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული, თუმცა ციფრი სავარაუდოდ კიდევ გაიზარდა, რადგან მხოლოდ პირველი კვირის 8 მატჩს 220 ათასი მაყურებელი ჰყავდა და მედიის შეფასებით სტარტი ნამდვილი ბლოკბასტერი გამოდგა.
ავსტრალიის წინააღმდეგ ბორჯღალოსნებს ასობით ქართველი გულშემატკივარიც ამხნევებდა – დიასპორაც და საქართველოდან საგანგებოდ ჩასულებიც, მათ შორის ანსამბლი “ქართული ხმები”, რომლის უზადოდ შესრულებულმა საბრძოლო ფოლკლორმა, სადამდეც მიწვდა, ტრიბუნებზე ყველას ყურადღება მიიპყრო. სტადიონზე იყო სპორტის მინისტრიც თეა წულუკიანი, რომელიც ქართული რაგბის დიდი ქომაგი და მხარდამჭერია, მას და ქართულ დელეგაციას სტადიონზე საგანგებოდ მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და ქართულ რაგბს წარმატება უსურვა.
პორტუგალიასთან მატჩამდე,13 სექტემბერს, ბორჯღალოსნები ღია ვარჯიშს ლაროშელის სტადიონზე მართავენ, სადაც მედიისა და ექსპერტთა ყურადღებას კიდევ ერთხელ მიიპყრობენ, მომდევნო დღეს კი ლევან მაისაშვილი გუნდის მზადყოფნის შესახებ ბრიფინგს გამართავს.