აშშ-ში “ალ-ქაიდას” მიერ 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული 4 კოორდინირებული ტერაქტიდან 22 წელი გავიდა.
ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა, მათგან ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს) დააჯახეს, რის შედეგადაც ყველა მგზავრი და ამ შენობებში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი დაიღუპა. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე შენობებიც.
ტერორისტებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს.
მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია) ველზე ჩამოვარდა.
11 სექტემბრის თავდასხმების დროს, 19 ტერორისტის გარდა, 2977 ადამიანი დაიღუპა, 24 დაკარგულია.
9/11 კომისიის დასკვნის მიხედვით, ტერაქტის მომენტში ე.წ. ტყუპებში 16 000 ადამიანი იმყოფებოდა, მათი უმეტესობის გადარჩენა შენობების სრულ ჩამონგრევამდე ევაკუაციის შედეგად მოხერხდა.