გიორგი ცუცქირიძე: ბადე-კონსტრუქციის ყველგან გაკეთება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა – ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო სქემების მექანიზმის განვრცობა თავისუფლად არის შესაძლებელი

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში სეტყვის დამცავი სახელმწიფო სისტემის ეფექტურობის საკითხს ეხმაურება.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ბადე-კონსტრუქციის ყველგან გაკეთება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ აღნიშნული პრობლემა ყველგან ძირითადად სწორედ საკრედიტო-საგარანტიო სქემების ფარგლებში განხორციელდა.

„კახეთში მოსულმა მორიგმა სეტყვამ, რომელმაც ათასობით ჰექტარი ვენახი დაააზიანა, თან კახეთის არა ერთ რეგიონში, კვლავ აქტუალური გახადა სეტყვის დამცავი სახელმწიფო სისტემის ეფექტურობა.

აქ ბუნებრივია იგულისხმება სახელმწიფო საწარმო „დელტას“ სეტყვის არიდების სისტემები, რომლებიც სეტყვის ღრუბლების დაშლის სისტემებზეა აგებული. სამწუხაროდ, ეს სისტემა კონკრეტულ ლოკაციას კი უმკლავდება, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს სეტყვის სხვა რეგიონებში გადატანის სრულ პრევენციას. ეგ პრობლემა სხვა ქვეყნებშიც დგას და ამიტომაც არის, რომ ალტერნატივად სეტყვის დამცავი სისტემები არის შემოღებული დამცავი ბადეების სახით.

მართალია, ეს სისტემები არ არის იაფი საშუალება, მაგრამ ალტერნატიულ ღირებულებად ნამდვილად განიხილება.  უფრო რომ დავაზუსტოთ, ის ხარჯი, რასაც სახელმწიფო გაწევს „დელტას“ ღრუბლების დამცავი სარაკეტო სისტემების შენახვაზე, რაც ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს სეტყვის ნეგატიურ ეფექტს, ანაცვლებს სეტყვის დამცავი ბადეები, რომელთა ეფექტიანობა ეკონომიური თვალსაზრისით გაცილებით მომგებიანია.

დასეტყვილი ვენახების ხარჯი საბოლოოდ არის ერთი ორად მეტი, ვიდრე ეს თუნდაც სადაზღვევო კომპენსაციიდან განისაზღვრება. ამ ტიპის დაზიანებულ ვენახს, დაზიანებამდე მდგომარეობაში რომ აღდგეს მინიმუმ 2-3 წელი მაინც სჭირდება, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ამ აღდგენის საკმაოდ ძვირ სიამოვნებასთან. ამიტომაც არის, რომ დასავლეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მეღვინეობა და ვაზი წამყვან აგროკულტურად განიხილება, შემოღებული იქნა გრძელვადიანი სახელმწიფო დაკრედიტების სისტემები საკრედიტო-საგარანტიო სქემების სახით, სადაც სახელმწიფო აზღვევს საკრედიტო გარანტიას უძრავი ქონების სახით.

მართალია, საქართველოში უკვე არსებობს საწარმო, რომელიც ამზადებს ამ ტიპის ბადეებს, მაგრამ მისი ღირებულება მაინც ძვირია, ხოლო ექსპლოატაციის ვადა მოკლე 5 წლამდეა, მიუხედავად ევროპულ ფასებთან შედარებითი სიიაფისა (ევროპაში საშუალო ფასი 30-35 ათასი ევროა, ხოლო ვადიანობა მინიმუმ 10 წლამდეა). ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება ერთი შეხედვით შეიძლება ძვირი არც იყოს და 1 ლარი ღირს, მაგრამ ერთი ჰექტარის ღირებულება უკვე 10 000 ლარი გამოდის, რასაც ემატება საყრდენი მასალის და მუშა ხელის საფასური, რაც საბოლოოდ სადღაც 18 000-20 000 ლარი ჯდება, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ვენახების რენტაბელობა 3-5 ჰექტარით განისაზღვრება, საშუალოდ 60-80 ათას ლარამდე აღწევს. ეს ნამდვილად არ არის მცირე თანხა, რაც მხოლოდ იაფფასიანი და გრძელვადიანი კრედიტის პირობებშია შესაძლებელი თან ისიც დაფარვის საშეღავათო პერიოდის პირობით, რასაც სახელმწიფო თანადაფინანსების გარეშე აქაური საბანკო სისტემის პირობებში შეუძლებელია, თუ წლიურ საპროცენტო განაკვეთებსაც მივიღებთ მხედველობაში. შედარებისათვის ევროკავშირში და თუნდაც თურქეთში, ამ ტიპის სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთები მინიმუმ 2 წლიანი საშეღავათო პერიოდებით,  2-5 %-ია, მაშინ როდესაც საქართველოში საპროცენტო განაკვეთებიც 2-3 ჯერ მეტია, ხოლო საშეღავათე პერიოდი მაქსიმუმ 6 თვემდეა.

ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ დღევანდელი ქათმის კვერცხის იმედად ვიყოთ თუ როდის მივა ჩვენებური გლეხი იმის შეგნებამდე, რომ ერთხელ იყიდოს ეს საშუალება და მერე არხეინად იყოს, კიდევ ბევრი წელი გავა.

ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ რეალობიდან, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ბადე-კონსტრუქციის გაკეთება ყველგან, ეს იქნება საფრანგეთში, არგენტინაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ესპანეთში თუ იტალიაში, მაგრამ ეს პრობლემა ყველგან ძირითადად სწორედ საკრედიტო-საგარანტიო სქემების ფარგლებში განხორციელდა, მათ შორის ჩვენ მეზობელ თურქეთში აგროსექტორის თანადაფინანსება აღნიშნული სქემებით გახდა შესაძლებელი.

საქართველოშიც იგივე მექანიზმი უნდა შემუშავდეს, მით უმეტეს საკრედიტო-საგარანტიო სქემების მექანიზმი უკვე აპრობირებულია და მისი განვრცობა თავისუფლად არის შესაძლებელი სახელმწიფო პროგრამების – აწარმოე საქართველოს ფარგლებში, სახელმწიფოს სტრატეგიული მართვა ამაზე უნდა იყოს აგებული, არა დღევანდელი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკურ ეფექტის მიღებაზე, რაც ეკონომიკის მდგრადობასაც უზრუნველყოფს, ქართველი გლეხის ადგილზე დამკვიდრებასაც და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასაც, მით უმეტეს ამის მაგალითი უკვე გვაქვს, დასავლეთ საქართველოში და კერძოდ, აგროსექტორში თხილის ბაღების გაშენიანების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ფარგლებში, რაც პირადად სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის ძალისხმევის შედეგი იყო.

ინვესტიციების ალტერნატიული ღირებულებაც ამაზეა აგებული, შედარებით მაღალი უკუგებით მივიღოთ საბოლოო შედეგი დროის შედარებით გრძელვადიან მონაკვეთში!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები