ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე თეორიული შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს რაც გასაკეთებელია – თემურ მღებრიშვილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რაც ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებშია.
„ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა თათბირს. დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება თუ რომელ კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი.
მიმდინარეობს 18 სექტორად დაყოფილი საძიებო სამუშაოები, ასევე დღეს ეპიცენტრში ნანახი იქნა ჰიუნდაის მარკის ავტომობილი, რომელშიც ჩვენი ინფორმაციით სამი ადამიანი იმყოფებოდა და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიმდინარეობს სამუშაოები.
სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია და დარჩენილია დაახლოებით 25-26% რომელსაც ვფიქრობთ, რომ 2 დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე და მოგვიანებით მოგახსენებთ.
არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება. დღეს კიდევ ერთხელ იქნება შეხვედრა მინისტრთან. როგორც გუშინ, ასევე დღესაც არის რაღაც ნიუანსები, რასაც დღის ბოლოს მოვახსენებთ მინისტრს და დავიგეგმებით გარკვეული სტრატეგიის მიმართულებით და ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვით.
ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე შანსი, თეორიული მცირე შანსი აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს რაც გასაკეთებელია, რაც არის ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში.
ცოცხალი ძალის გაზრდის საჭიროება არ დგას. თუკი ამის საჭიროება დადგება, რა თქმა უნდა მზად ვართ, ფაქტობრივად ჩვენ ახლა დასასრულისკენ მივდივართ და აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ამის საჭიროება დადგეს.
დარჩენილი ნაწილის შესასწავლად მაქსიმუმ 2 დღე დაგვჭირდება, თუმცა გააჩნია როგორც მოგვცემს საშუალებას თვითონ მდინარე“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.