ვახტანგ გომელაური: არ იყო იმის აუცილებლობა, რომ გაგვერისკა და ბავშვები ღამით ვერტმფრენში აგვეყვანა – ამოეყვანათ ბავშვები და ჩამოვარდნილიყო ვერტმფრენი, მერე რას იტყოდნენ?!
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ძალიან დიდი რისკი იყო, რომ შოვში, სტიქიას გადარჩენილი ადამიანები ვერტმფრენებით სტიქიის ზონიდან ღამითვე გამოეყვანათ.
„ადამიანი რომ ყოფილიყო დაშავებული და ვერ გამოგვეყვანა, იქ შეიძლება კიდევ გაერისკათ პილოტებს, მიფრენილიყვნენ და ეს ადამიანი წამოეყვანათ, თუმცა არ ჩანდა არაფერი. რაც ჩამოვიდა მიწა, მის ზემოთ არავინ ჩანდა. დღე იყო ჯერ, ღამე არ ყოფილა. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე. დღე მოხდა მონიტორინგი. ორი ვერტმფრენი იყო და გამოიყვანეს ხალხი, რომელიც სტიქიის შუაში, კუნძულზე მოხვდა. ის, რომ იქ დაშავებული ადამიანი იყო და ვერ ამოვიყვანეთ, რადგან ღამით ვერტმფრენი ვერ შეფრინდა, ეს თემა მოხსნილია საერთოდ. ღამის ხედვის დრონებითაც რომ აღმოგვეჩინა ადამიანი იქ შუაში, მაშველები სპეც საშუალებით შევიდოდნენ, თუმცა რომ ვერ შესულიყვნენ მაშველები და სხვა შანსი აღარ ყოფილიყო, ვთხოვდით ვერტმფრენს ერთი ადამიანი დაგვეკიდა ვერტმფრენზე და როგორმე ამოვიყვანდით. დღე იფრინეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვერტმფრენებმა, დრონები აკეთებდნენ მონიტორინგს და სად იყო ადამიანი, რომელიც არ გადაარჩინეს იმიტომ, რომ ვერტმფრენმა არ გარისკა და არ გავეცით ბრძანება გადარჩენაზე?! ამის ინტერპრეტაციას აკეთებენ. არ შეიძლება, ნუ ატყუებენ ხალხს.
140 ადამიანი, რომელიც იყო ფერდობზე, მათთან ერთად იყვნენ ჩვენი მაშველები, პოლიციელები. საკვები, წყალი, კარვები ავუტანეთ. რაც გუშინ ვთქვი და რასაც გამოეკიდნენ, არ იყო საჭიროება შემეშვა ვერტმფრენი. ამოეყვანათ ბავშვები და ჩამოვარდნილიყო ვერტმფრენი, მერე რას იტყოდნენ?! არ იყო იქ რისკი არანაირი და რატომ უნდა გაგვერისკა და ჩაგვესვა ბავშვები ღამით, შეიძლება რამე საფრთხე მომხდარიყო. რაც შეეხება სამძებრო სამუშაოებს, მთელი ღამე არ შეწყვეტილა, დრონები მუშაობდნენ, ჩამოდიოდნენ მიწიდან 1 მეტრზე, ხან მაღლა ადიოდნენ და ბევრად ეფექტურია დრონით მუშაობა, რომელიც სითბური გამოსხივებით ეძებს, ვიდრე ვერტმფრენიდან პროჟექტორით ყურება. მინდა ხალხმა გაიგოს, მათ ვუხსნი, რომ ასე იყო.
არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ჩვენ გაგვერისკა და ბავშვები ღამით ვერტმფრენში აგვეყვანა და გამოგვეყვანა“, – განაცხადა გომელაურმა.