თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია – 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმება

“შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია”, – ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ გაწეული სამუშაოსთვის.

„მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა – არის 24 ადამიანი დღეის მონაცემებით, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. ასევე, 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები.

მოქალაქეების ნაწილი თვითნებურად ცდილობდა მოძრაობებს. „წითელი ჯვრის“ საშუალებით ეს საკითხი დარეგულირდა და ძირითადად, ეს ადამიანები, მოხალისეები ლოჯისტიკური კუთხით გვეხმარებიან, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რასაც ამ დროის მონაცემებით 24 ადამიანი ემსხვერპლა, 20 იდენტიფიცირებულია. 9-ის მოსაძიებლად კი სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები