კამპანიის – ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის – ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში – ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერს აღნიშნული დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.