მეხორბლე ფერმერებისგან ხორბალს 20-მდე წისქვილკომბინატი იბარებს
წისქვილკომბინატებში ხორბლის ჩაბარების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. შპს „ჯეომილის“ წისქვილკომბინატში ხორბლის მიღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე გაეცნო.
„საქართველოს მთავრობის მიერ იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასურის დაწესების შედეგად შეიქმნა ყველა წინაპირობა, რომ ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავებულიყვნენ და ხორბლის რეალიზებას და დაბინავებას პრობლემა არ შეჰქმნოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შედის და რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. დაახლოებით ოცი ათასი ტონა ხორბალი უკვე ჩაბარებულია. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ხორბლის აღება, ფაქტობრივად, დასრულების ფაზაშია. რაიმე სახის შეფერხებებს არ ველოდებით. ტექნიკა სრულად მობილიზებულია და მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
შპს „ჯეომილი“ ხორბალს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან იღებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბესიკ ბეჟაშვილი აცხადებს, დღის განმავლობაში საშუალოდ 250-300 ტონა ქართულ ხორბალს იბარებს.
„საქართველოს მთავრობის მიერ იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასურის დაწესების შემდეგ ჩაბარებული გვაქვს დაახლოებით 5500 ტონა ხორბალი; დაახლოებით 2000 ტონა ხორბალი შესანახად გვაქვს მიღებული. პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ყოველდღიურად დაახლოებით 250-300 ტონა ხორბალს ვიბარებთ. რა თქმა უნდა, სტანდარტების შესაბამის სასურსათო ხორბალზე გვაქვს საუბარი. ხარისხიან ხორბალს ჩაბარების პრობლემა არ აქვს“, – განაცხადა ბესიკ ბეჟაშვილმა.
აღსანიშნავის, რომ მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასური დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისს შევიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ კომპანია „ჯეომილში” არსებული თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიაც დაათვალიერა. აკრედიტებულ ლაბორატორიაში მარცვლეულის ხარისხის საქართველოში დადგენილ სტანდარტებთან შეესაბამება მოწმდება.