რა არის ეგრეგორი (მეორე ნაწილი)
ეგრეგორების კლასიფიკაცია, როგორც ასეთი, არ არსებობს, რადგან ნებისმიერ საერთო ქმედებას შეიძლება ჰყავდეს თავისი ეგრეგორი. მაგრამ მათი კლასიფიცირება შესაძლებელია სიძლიერისა და სიდიდის მიხედვით. ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ძირითადი ეგრეგორული გაერთიანებები, ესენია: რელიგიური, საგვარეულო, ნაციონალური, ფინანსური, მაგიური ორდენების, ფილოსოფიური სწავლებების, კონკრეტული მიზნისკენ მიმართული კოლექტივის და ა.შ.
როგორ ურთიერთქმედებენ ეგრეგორები ადამიანებთან და როგორ ხდება მათთან მიერთება და შესაბამისად გამოყოფა – ძირითად ეგრეგორულ გაერთიანებებში, მაგალითად, როგორიცაა საგვარეულო ან რელიგიური ადამიანი თავიდანვე ხვდება. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენებს, ადამიანი უკვე ცხოვრების განმავლობაში ერთიანდება მათში, ან გამოეყოფა. ხშირ შემთხვევაში, ეგრეგორში გაერთიანება გაუცნობიერებელ ქმედებას წარმოადგენს, რადგან ადამიანები მხოლოდ მატერიალური სამყაროს აღქმიდან გამომდინარე აზროვნებენ და ვერ აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მათი ცხოვრება გადაჯაჭვულია სულიერთანაც. ანუ, როდესაც ადამიანი ერთვება გარკვეული ჯგუფურ საქმიანობაში, ის ავტომატურად ხდება იმ ჯგუფის ეგრეგორთან მიერთებული. ის, თუ როგორ ხდება ეგრეგორებიდან გამოსვლა, ესეც არაერთგვაროვანი საკითხია, რადგანაც ისინი განსხვავდებიან თავიანთი სიძლიერითა და ნიშან-თვისებით. იმ ეგრეგორებისგან, რომლებთანაც ადამიანი მიერთებულია დაბადებიდან ან გარკვეული რიტუალით, თავის დაღწევა გაცილებით რთულია და ადამიანს დიდი ძალისხმევის და ნების გამოვლენა ჭირდება, ისევე როგორც გაცნობიერების, ვიდრე იმ ეგრეგორებისგან, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის სფეროს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეგრეგორი არ ეწევა ადამიანის მანიპულირებას, თვითონ მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თუ რაიმე ეგრეგორული სისტემა იერარქიულ წყობაზეა აგებული, ის ეხმარება ამ პირამიდის სათავეში მყოფებს ზეგავლენა იქონიონ დაბალ საფეხურზე მდგომებზე. ამ იერარქიული ზეგავლენის ყველაზე კარგი მაგალითებია რელიგიური და სოციალური ეგრეგორები. ფაქტობრივად, ეგრეგორული სისტემით ადამიანის მართვა და მანიპულირება გაცილებით ადვილია, რადგანაც ეს ყველაფერი ხდება არაფიზიკურ სივრცეში, სადაც ადამიანი გაცილებით მეტად არის დაუცველი, ღია და ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რადგანაც როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ჩართულია მხოლოდ მატერიალურ სამყაროში.
უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, რომ ეგრეგორი არის ადამიანის ფსიქო-ემოციური ენერგიის ბანკი, რომელიც თავისი კანონებით მოქმედებს. ზოგადად, ეგრეგორში ყოფნა არაფერ საზიანოს არ წარმოადგენს იმ შემთვევაში, თუ ადამიანი ამას აცნობიერებს და არაცნობიერი ზეგავლენა არ ხდება მასზე და ასევე თუ შეუძლია, სურვილისამებრ, ეგრეგორიდან გამოსვლა. ისევ და ისევ, ეს არის მექანიზმი, ოღონდ არამატერიალურ სივრცეში და, შესაბამისად, კანონებიც სხვანაირად მოქმედებს, ვიდრე მატერიალურში. ამიტომაც ადამიანს ასეთ მექანიზმებთან სრულყოფილი თანაქმედებისთვის სრული გაცნობიერება და თავის თავზე მაქსიმალური კონტროლი, თავის მხრივ, ეგრეგორიც ეხმარება ადამიანს. ენერგიის ის მასა, რომელიც გროვდება მასში, გაიცემა ადამიანზე გარკვეულ ვითარებაში, საჭიროებისამებრ. მაგრამ აქაც, როგორც სხვა ყველაფერთან მიმართებაში, ადამიანი უნდა აცნობიერებდეს ამ ურთიერთკავშირს, რომ საჭიროების დროს შეძლოს ეგრეგორთან კავშირის გაწყვეტა და არ გახდეს მასზე დამოკიდებული და, შესაბამისად, მართვადი.