საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებული პროტესტი უკვე მესამე დღეა, პოლიციასთან შეტაკებაში, საქალაქო ინფრასტრუქტურის დარბევაში, სახელმწიფო შენობებში შეჭრასა და ხანძრის გაჩენაში, და უკვე მაღაზიების დარბევასა და ძარცვაშია გადაზრდილი.
სწორედ გასული ღამე იყო “გამორჩეული” პარიზში ბრენდულ მაღაზიებში შეჭრებით და ძარცვით.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ZARA-ს, NIke-ის მაღაზიებში შეჭრის და დარბევის კადრები.
ასევე, გამოცემა Le Monde წერს, რომ პარიზის მე-12 ოლქში, რეის ქუჩა მძიმე ღამის კვალს ჯერ კიდევ ინარჩუნებს: რამდენიმე დამწვარი ველოსიპედი, დამწვარი ნაგვის ურნები დარბევა.
კვების ობიექტის Subway-ს მენეჯერი აცხადებს, რომ “მათ ჩაამსხვრიეს ფანჯრები, წაიღეს საკვები და ფული”.
საიუველირო მაღაზიის Océane-ის მენეჯერი, ფილიპი ამბობს, რომ დარბევის შედეგად მისი მაღაზიიდან წაღებულია, დაახლოებით, 80 ათასი ევროს ღირებულების სამკაული.
“ობერვილიერში ვცხოვრობ და ღამით იქ ომი იყო. არ მეგონა, თუ პარიზშიც იყო ასე. ეს კატასტროფაა”,- თქვა მან.
Le Monde ასევე რაიონის ერთ-ერთ მცხოვრებს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ “ძალიან შეშინებული იყო”. კეროლი ამბობს, რომ სახლშიც იგრძნო ცრემლსადენი გაზის სუნი. კიდევ ერთმა ადგილობრივმა თქვა, რომ გაიგო რამდენიმე გასროლის ხმა “ფოიერვერკის თუ ცეცხლსასროლი იარაღის”, რაც ღამის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდა.
ამ წუთებში ქვეყნის პრემიერმინისტრი, ელიზაბეთ ბორნი, მატინიონში მინისტრებთან, შექმნილ ვითარებას განიხილავს. მანამდე მან მესამე ღამის ქმედებები დაგმო და თქვა, რომ ისინი “აუტანელი და უპატიებელია”.
ბორნთან შეხვედრაზე ოთხი მინისტრი იმყოფება: შს – ჟერალდ დარმანინი; იუსტიციის – ერიკ დიუპონ-მორეტი; ეკოლოგიის – კრისტოფ ბეშიუ და ურბანული განვითარების – ოლივიე კლაინი.