მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა
მესამე ევროპულ თამაშებზე, რომელსაც პოლონეთის ქალაქი კრაკოვი მასპინძლობს, მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი ხმლით მოფარიკავე ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, კშიშტოფ კაჩკოვსკის დაუპირისპირდა.
ფინალი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოოდ სანდრო ბაზაძემ მეტოქე მაინც დაამარცხა (15:13), ჩემპიონობა იზეიმა და მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, 17 ივნისს ქართველმა ხმლით მოფარიკავემ ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.