სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებული, აქციის მონაწილეების საქმეებზე სასამართლოს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2023 წლის 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ მოქალაქეთა სამართალდამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღნიშნული, თავის მხრივ, წარმოშობს საშიშროებას, პროტესტის მიზნით განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევა მომავალშიც სამართალდარღვევად დაკვალიფიცირდეს.

“ამდენად, სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ინფორმაცია წარუდგინა საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ. ხუთივე შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა დეტალურად შეისწავლა და შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და საჯაროდ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები.

მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. ამ ფონზე, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასების არსებით მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად შეიძლება შეკრებილთა მიერ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებით სარგებლობამ საზოგადოებრივი წესრიგის თუნდაც მინიმალური დარღვევა გამოიწვიოს და შექმნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც საზოგადოება იზიარებს ან რომელთა მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი, არამედ ისეთებიც, რომელიც შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე, გარკვეულ ჯგუფს. საგულისხმოა ისიც, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს.

შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია სამართალდამცავთა მიერ შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევა მხოლოდ მათ მიერ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები დაეხმარება სასამართლოს, სწორად შეაფასოს განსახილველი საკითხები და სამართალშეფარდება განხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი პრინციპების დაცვით. სახალხო დამცველის აპარატი, შესაბამისი სრული მასალების წარმოდგენის შემდეგ, გააგრძელებს აქციის სხვა დაკავებული მონაწილეების საქმეების შესწავლასაც”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები