კანადაში 400-ზე მეტი ტყის ხანძარი მძვინვარებს, მათგან 239 კონტროლს არ ექვემდებარება (ფოტო)

კანადაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომელთა რაოდენობამ შესაძლოა, ანტირეკორდიც მოხსნას.

პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ქვეყანაში ამჟამად 414 ტყის ხანძარია, მათგან 239 კონტროლს არ ექვემდებარება.

20 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

მხოლოდ კვებეკში 150-ზე მეტი აქტიური კერა ფიქსირდება. ადგილობრივ მეხანძრეებს ერთდროულად მხოლოდ 40 ხანძრის ჩაქრობის შესაძლებლობა აქვთ.

კვებეკის გარდა, 3,3 მილიონი ჰექტარი ტყე იწვის ბრიტანეთის კოლუმბიაში, ალბერტაში, ონტარიოში, ახალ შოტლანდიასა და ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე.

უცხოური მედია წერს, რომ კანადა წელიწადის ამ დროს ტყის ხანძრებით ხასიათდება, თუმცა, წლევანდელი მასშტაბები უჩვეულოა, რაც ნაწილობრივ უფრო მშრალი ამინდით და თბილი ტემპერატურით არის გამოწვეული.

ამასთან, კანადის და აშშ-ის ბევრ ქალაქში, მათ შორის, ტორონტოში, ოტავაში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ცა ნარინჯისფერია. ოტავას ხელისუფლება ხანძრის შედეგად ჰაერის დაბინძურებას “ადამიანების ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშს” უწოდებს.

ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში შეჩერებულია საჯარო სკოლების მუშაობა. ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა განაცხადა, რომ ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს და მოსახლეობას მოუწოდა სახლები განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ დატოვონ.

ერიკ ადამსმა თქვა, რომ ნიუ-იორკელებს მსგავსი არაფერი განუცდიათ და სიტუაციას უპრეცედენტო უწოდა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ კანადას დახმარება გაუგზავნეს. პრესსპიკერ კარინ ჟან-პიერის თქმით, 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე უკვე ეხმარება კანადელ კოლეგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები